რელიგიის ექსპერტთა ასოციაცია სასულიერო პირების საარჩევნო ღონისძიებებზე დასწრებას ეხმაურება. ისინი ამბობენ, რომ მათი მონაწილეობა პოლიტიკურ ცხოვრებაში - "პოლიტიკურ პროცესებზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობა" - ისედაც პოლარიზებულ საზოგადოებაში კიდევ უფრო მეტ დაძაბულობას იწვევს.
როგორც თეოლოგების განცხადებაშია ნათქვამი, მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა უნდა გამოსცეს განჩინება, რომელიც სასულიერო პირებს პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობას აღკვეთს.
"ბოლო პერიოდში აქტიურად შეინიშნება მაღალი სასულიერო იერარქების მიერ პოლიტიკურ პროცესებზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობა, რაც ისედაც პოლარიზებულ საზოგადოებაში კიდევ უფრო მეტ დაძაბულობას და შფოთს იწვევს. გარდა ამისა, მრევლში რჩება შთაბეჭდილება, რომ ეკლესია მონაწილეობს პოლიტიკურ პროცესებში, რაც სრულიად ეწინააღმდეგება სახარებისეულ პრინციპებს და აბრკოლებს ადამიანებს.
აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს და წმინდა სინოდს მკაცრად განსაზღვრონ დაწვრილებილითი განჩინება, რომელიც სასულიერო პირების, განსაკუთრებით ეპისკოპოსების პოლიტიკურ პროცესებში ჩარევას აღკვეთავს და ამით ეკლესიის სულიერ სახეს დაიცავს", - აღნიშნულია განცხადებაში.
მმართველი გუნდის საარჩევნო ღონისძიებებს სხვადასხვა რეგიონში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შესაბამისი ეპარქიის წინამძღვრები პერმანენტულად ესწრებიან.
მართლმადიდებელი ეკლესიის პრესსპიკერმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ "ფორმულას" განუცხადა, რომ მღვდელმთავრები პარტიულ ღონისძიებებზე მისვლით კანონს არ არღვევენ და ეს მათი თავისუფალი გადაწყვეტილების საკითხია.
სამართლიანი არჩევნების შეფასებით, მმართველი პარტიის ღონისძიებებზე სასულიერო იერარქების დასწრება ეკლესიის მიერ "ქართული ოცნების" მხარდაჭერის განცდას ქმნის. ISFED -მა მოუწოდა სასულიერო პირებს, თავი შეიკავონ პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატების წინასაარჩევნო ღონისძიებებსა და აგიტაციაში მონაწილეობისაგან.