"უახლოეს დღეებში აუცილებლად მოხდება იგივე დანაშაულებებთან დაკავშირებით პატრიარქის მხილება", - ასე ეხმაურება პრეზიდენტის გადაწყვეტილებას დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე. იგი აცხადებს, რომ პატრიარქი შეშინებულია და სალომე ზურაბიშვილმა სწორედ მისი დავალებით თქვა უარი დეკანოზის შეწყალებაზე.
"ჩემი ძმა დაამტკიცებს, რასაც ვიტყვით. ეს ეხება ზნეობრივ პრობლემებს, რაც კათოლიკოს-პატრიარქს თავიდანვე ახალგაზრდობიდანვე ეს ცოდვა მოჰყვება. გუშინწინ, როდესაც შეხვდა პრეზიდენტი პატრიარქს, პატრიარქმა თავად უთხრ,ა რომ არ შეეწყალებინა, რადგან პატრიარქი არის შეშინებული. ის დარწმუნებულია, რომ ჩემი ძმა ფლობს პატრიარქის დანაშაულებებთან დაკავშირებით ინფორმაციას",-აცხადებს თორნიკე მამლაძე.
პრეზიდენტის ბრიფინგს გამოეხმაურა დეკანოზის მამაც და განაცხადა, რომ შეწყალებაზე უარის თქმით, სწორედ საპატრიარქოა დაინტერესებული.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა გიორგი მამალაძე საშობაოდ არ შეიწყალა. დეკანოზი გიორგი მამალაძე მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მოწამვლის მცდელობის ბრალდებით 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ჩხრეკისას დეკანოზს მომწამვლელი ნივთიერება, ნატრიუმის ციანიდი აღმოაჩნდა. გიორგი მამალაძის შეწყალების რეკომენდაციით სინოდმა პრეზიდენტს 8 ნოემბერს მიმართა. ბრალდებულის ოჯახსა და ადვოკატს, მოლოდინი ჰქონდა, რომ სალომე ზურაბიშვილი მამალაძეს 23 ნოემბერს, გიორგობას შეიწყალებდა, თუმცა სალომე ზურაბიშვილმა გიორგობისთვის შეწყალების აქტი არ გამოსცა.