ადვოკატი გიორგი ანთაძე, ლევან თოფაძისა და ბუსა ჟვანიას დაპირისპირების დეტალებთან დაკავშირებით საუბრობს. როგორც უფლებადამცველი აცხადებს, 11 ივლისს გამოკითხვაზე თოფაძემ გამომძიებლებს უთხრა, რომ მასსა და ბუსა ჟვანიას შორის შელაპარაკება ჯერ ტელეფონით მოხდა, რასაც შემდეგ ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
ადვოკატის განცხადებით, თოფაძეს შეხლა-შემოხლისას ბუსა ჟვანიას ხელში რაიმე იარაღი არ დაუნახავს და ვერ ასახელებს.
"ლევან თოფაძემ გამომძიებლებს მიაწოდა იმ გარემოებების შესახებ ინფორმაცია, რის შემსწრე და მონაწილეც იყო. მან აღნიშნა, რომ ბუსა ჟვანიასთან შეხლა-შემოხლის დროს მიიღო დაზიანებები, თუმცა განმარტა, რომ დანა ან მსგავსი საგანი მას პირადად არ დაუნახავს.
ლევან თოფაძე აცხადებს, რომ ფიზიკურ დაპირისპირებამდე ბუსა ჟვანიასთან მხოლოდ ნაცნობობა აკავშირებდა. დაპირისპირება მოხდა სატელეფონო საუბრის შედეგად, რომლის დროსაც ერთმანეთს მიაყენეს შეურაცხყოფა", - განაცხადა ლევან თოფაძის ადვოკატმა გიორგი ანთაძემ.
ადვოკატის თმით, იმ შემთხვევაში თუ ბრალდების მხარე ლევან თოფაძის გამოკითხვას საჭიროდ ჩათვლის, შესაძლოა კიდევ გამოკითხონ. რაც შეეხება ბუსა ჟვანიას ბრალს, გიორგი ანთაძის თქმით, ბრალდებულისთვის ბრალის დამძიმება ან შემსუბუქება საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს.
"დღეს დეტალურად მისცა ჩვენება. თუ ბრალდების მხარე ჩათვლის, რომ არასაკმარისია ან კონკრეტულ გარემოებებთან დაზუსტებას მიიჩნევს საჭიროდ, ალბათ კიდევ გამოკითხავენ. შეუმსუბუქდება, დაუმძიმდება თუ არა ბუსა ჟვანიას ბრალი, ეს საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებზე დაყრდნობით უნდა გადაწყვიტოს ბრალდების მხარემ და შემდეგ უკვე სასამართლომ", - განაცხადა გიორგი ანთაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, გოგი თოფაძის შვილიშვილს, ლევან თოფაძეს თავს 2 აგვისტოს დაესხნენ. გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
3 აგვისტოს პროკურატურამ ლევან თოფაძის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბუსა ჟვანიას ბრალი დაუმძიმა. საგამოძიებო უწყება მას 19, 108-ე მუხლის დარღვევას ედავება, რაც მკვლელობის მცდელობას გულისხმობს და სასჯელის სახით 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თოფაძის შვილიშვილს 4 ოპერაცია ჩაუტარდა, ის ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობს.
ჟვანიას 4 აგვისტოს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.