პროკურატურამ ლევან თოფაძის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბუსა ჟვანიას ბრალი დაუმძიმა. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
ჟვანიას ბრალი ოფიციალურად დღეს წარედგინა. საგამოძიებო უწყება მას 19, 108-ე მუხლის დარღვევას ედავება, რაც მკვლელობის მცდელობას გულისხმობს და სასჯელის სახით 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა სასამართლოს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 02 აგვისტოს, გამთენიისას, ქ. თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ლ.თ.-ს საცხოვრებელი სახლის აივანზე, ბ.ჟ.-მ ლ.თ.-ს განზრახ მოკვლის მიზნით დანის რამდენჯერმე დარტყმით, სიცოცხლისათვის საშიში დაზიანებები მიაყენა, მათ შორის შემავალი ჭრილობები სახით გულმკერდის წინა და უკანა ზედაპირზე.ასევე ნაკვეთი ჭრილობა კისრის გვერდითა ზედაპირზე და ყურის ნიჟარაზე. ლ.თ.-ს სიცოცხლის შენარჩუნება შესაძლებელი გახდა დროული სამედიცინო დახმარების გაწევის შედეგად", - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, გოგი თოფაძის შვილიშვილს, ლევან თოფაძეს თავს 2 აგვისტოს დაესხნენ.
მანამდე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.