logo
ENG



თურნავამ გადასახადების შემცირების ინიციატივას საბჭოთა "ურავნილოვკის" პრინციპი უწოდა

18 სექ 202017:02
3 წუთის საკითხავი
clock 327
თურნავამ გადასახადების შემცირების ინიციატივას საბჭოთა "ურავნილოვკის" პრინციპი უწოდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, გადასახადების ყველასთვის ერთნაირად დაწევასთან დაკავშირებით ევროპული საქართველოს ინიციატივას საბჭოთა "ურავნილოვკის" პრინციპს უწოდებს.

როგორც თურნავამ აღნიშნა, მისთვის გაუგებარია, რატომ უნდა გაუნახევრდეთ საშემოსავლო გადასახადი როგორც დაბალი, ასევე მაღალი ანაზღაურების მქონე მოქალაქეებს.

"მე ყურადღებით გავეცანი თქვენს დაპირებებს საგადასახადო შეღავათების ნაწილში და შემიძლია ვთქვა: საშემოსავლო გადასახადის განახევრებას ყველასთვის თანაბრად - როგორც დაბალხელფასიანი ადამიანებისთვის, მაგალითად როგორიც არის მიმტანი ბარში, საბავშვო ბაღის დამრიგებელი, ასევე მაღალხელფასიანი ადამიანებისთვის, მაგალითად როგორიცაა მთავრობის წევრი ნათია თურნავა ან პარლამენტის წევრი გიგა ბოკერია. რატომ უნდა გაგინახევრდეთ თქვენ საშემოსავლო გადასახადი? რატომ უნდა გაგიკეთდეთ პარლამენტის წევრს ეს შეღავათი, როდესაც მე რამდენადაც ვიცი, ჯერ კიდევ პანდემიამდე დისტანციური მუშაობის რეჟიმში იყავით გადასული ამ პარლამენტში. ვფიქრობ, რომ ეს არის უსამართლო", - განაცხადა თურნავამ.

მინისტრმა ევროპული საქართველოს კიდევ ერთ ინიციატივაზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, წლის ბოლომდე ქონების გადასახადის განულებას ითვალისწინებს. მან აღნიშნა, რომ ოპონენტების ინიციატივები ქვეყნის ბიუჯეტს დაახლოებით 5 მილიარდი ლარით შეამცირებს.

"კიდევ უფრო საინტერესო მიდგომა გაქვთ თქვენ ქონების გადასახადთან დაკავშირებით, რომ წლის ბოლომდე გავანულოთ ქონების გადასახადიო. თავი დავანებოთ, რომ 430 მილიონს ველოდებით ჩვენ ბიუჯეტში ქონების გადასახადიდან. არ მესმის რატომ არ უნდა გადავახდევინოთ გადასახადი მსხვილ ბიზნესებს მაგალითად, ან ყველა დარგს, ან იმ საწარმოებს, რომლებიც კოვიდის მიუხედავად შეუფერხებლად მუშაობდა. ეს არის ბატონო გიგა საბჭოთა "ურავნილოვკის" პრინციპი და ძალიან მიკვირს, რომ პოლიტიკური ძალა, რომელიც თავს დებს მემარჯვენეობაზე, საბჭოთა "ურავნილოვკის" პრინციპს გვთავაზობთ. მთლიანობაში, თქვენი ინიციატივები არის მარტო საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დაკარგული 1 600 000 000 ლარი ბიუჯეტისთვის და ამის ზევით, დანარჩენი ინიციატივები რომ დავთვალოთ, სადღაც 4 მილიარდი ლარის გარეშე უნდა დარჩეს ბიუჯეტი", - განაცხადა ნათია თურნავამ.

გადასახადების დაწევასთან დაკავშირებით ნათია თურნავას შეკითხვა ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ დაუსვა. დეპუტატმა აღნიშნა, რომ შექმნილ მძიმე ეკონომიკურ პირობებში მოქალაქეებისა და მეწარმეებისთვის საგადასახადო ტვირთის შემცირება უმნიშვნელოვანესია. 


close დახურვა