logo
ENG



თურნავა: შევხვდებით ყველას, ვინც დაინტერესებულია ნამახვანჰესის პროექტის გაუმჯობესებაში

12 აპრ 202116:07
3 წუთის საკითხავი
 
2021/04/12/3qbfl3qaqvumxi3.jpg

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, უახლოეს დღეებში ნამახვანჰესთან დაკავშირებით ფართომასშტაბიანი შეხვედრა გაიმართება.

როგორც თურნავა ამბობს, შეხვედრაზე მიიწვიეს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ექსპერტები და მეცნიერები. 

„ვფიქრობთ, უახლოეს დღეებში გავმართავთ ფართომასშტაბიან შეხვედრას, რომელზეც ვიწვევთ არასამთავრობო სექტორს, მეცნიერებს, ექსპერტებს, ყველას, ვინც დაინტერესებულია და თვლის, რომ დადებითი წვლილი შეუძლია შეიტანოს „ნამახვანი ჰესის“ პროექტის არსებული კვლევების გაუმჯობესებაში ან უბრალოდ გაეცნოს კვლევებს, რომელთაც მათ გადავცემთ, - აცხადებს თურნავა. 

მისი თქმით, კომპანია კომპანია „ენკა რინიუებლზმა“ მთავრობის მოთხოვნით, სახელმწიფოს გადასცა საკმაოდ ვრცელი სია და ყველა იმ კვლევის დოკუმენტაცია, რაც მანამდე იყო ჩატარებული.

ნათია თურნავა ამბობს, რომ საუბარია საკმაოდ სოლიდურ კვლევებზე.

"დაახლოებით მაისის ბოლოსთვის ექსპერტები მოგვიბრუნდებიან თავისი რეკომენდაციებით და კომპანია ვალდებული იქნება გაითვალისწინოს ეს რეკომენდაციები. რაც შეეხება შეხვედრებს, რა თქმა უნდა, მზად ვართ შეხვედრებისთვის და უფრო მეტსაც გეტყვით, ეს პროექტი არის ხანგრძლივი პროცესი და პროექტის ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ეტაპზე მზად ვიქნებით შეხვდეთ როგორც მოსახლეობას, ასევე არასამთავრობო სექტორს და სხვა დაინტერესებულ პირებს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

გუშინ შსს-მ სოფელ ნამახვანში რიონის ხეობის მცველების კარვები დაშალა. მიზეზად უწყებამ მოსალოდნელი წყლის დონის განსაკუთრებული მატება და უსაფრთხოება დაასახელა. 

აქტივისტებმა კარვები გუმათში გადაიტანეს და გზა გადაკეტეს. რიონის ხეობის მცველებმა ღამე გუმათში გაათენეს. გზა ამ დრომდე გადაკეტილია. 

აქციის მონაწილეები ითხოვენ: შეჩერდეს ნამახვანჰესის მშენებლობა, კომპანია ENKA-მ დატოვოს რიონის ხეობა; გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი; თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.

კომპანია ENKA აცხადებს, რომ ადგილი, სადაც გუშინ შსს-მ "რიონის მცველების" კარვები დაშალა, 2019 წლიდან მათი საკუთრებაა.


close დახურვა