ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, სარეიტინგო კომპანია Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი BB დონეზე უცვლელი დატოვა.
მისივე თქმით, 2020 წლის ოქტომბერ-ნოემბერში Fitch-მა შეამცირა სომხეთის საკრედიტო რეიტინგი BB-- დან B+'-მდე, ხოლო სლოვაკეთის, ბელარუსის და ლატვიის შემთხვევაში შეამცირა რეიტინგის პერსპექტივა.
მინისტრის შეფასებით, მიმდინარე პანდემიისა და გლობალური გაურკვევლობის ფონზე, სარეიტინგო კომპანიის მიერ რეიტინგის და პერსპექტივის უცვლელად დატოვება ნათლად მიანიშნებს ნდობას საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკისა და მაკროეკონომიკური გარემოს მიმართ.
სარეიტინგო კომპანიის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა 2021 წელს 4.3 პროცენტით, ხოლო 2022 წელს 5.8 პროცენტით გაიზრდება. Fitch - ის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკის გაჯანსაღების ტემპი BB კატეგორიის ქვეყნების მედიანურ მაჩვენებელთან შედარებით მაღალი იქნება.
თურნავას თქმით, სარეიტინგო კომპანია ასევე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი სანდო პოლიტიკის გატარებით წარმატებით ახდენს მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებას, როგორც წინა შოკების პერიოდში, ასევე მიმდინარე გლობალური პანდემიის დროს. ეკონომიკის აღდგენა და მთავრობის მიერ გაცხადებული ვალდებულება - უზრუნველყოს 2024 წლისთვის მშპ-ს 3.0%-ზე ნაკლები დეფიციტის მიღწევა, ხელს შეუწყობს საშუალოვადიან პერიოდში ვალის დონის შემცირებას.