ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გადასახადების დაწევასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა და განაცხადა, რომ პანდემიის პირობებში "გაუაზრებელი გადაწყვეტილებების მიღების დრო არ არის".
მინისტრის თქმით, საქართველოს "საბედნიეროდ, პასუხისმგებლიანი ხელისუფლება ჰყავს".
"კარგად უნდა გესმოდეთ, რომ ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი. ნებისმიერი საგადასახადო შეღავათი დანახული უნდა იყოს, პირველ რიგში, ფისკალური ეფექტის ჭრილში, განსაკუთრებით დღეს, როდესაც თითოეულ ლარს თავისი მიზნობრივი გამოყენება სჭირდება. იმ ფონზე როდესაც ჯერ კიდევ უცნობია თუნდაც წლის ბოლომდე რა გამოწვევის წინაშე დაგვაყენებს გლობალური პანდემია, დაუფიქრებელი, გაუთვლელი, გაუაზრებელი გადაწყვეტილებების მიღების დრო არ არის და საბედნიეროდ დღეს საქართველოს ჰყავს პასუხისმგებლიანი ხელისუფლება, რომელიც ამას კარგად ითვალისწინებს და ესმის", - განაცხადა თურნავამ.
მისივე თქმით, მთავრობამ ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში შეღავათები იმ მოქალაქეებს მიანიჭა, რომლებსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდათ.
"ჩვენი ანტიკრიზისული გეგმა, მათ შორის საგადასახადო შეღავათების ნაწილში, იყო მკაცრ მიზნობრივი და სწორედ იმათ მივანიჭეთ ეს შეღავათები, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა და თან იმდაგვარად, რომ არ დაგვეზარალებინა ჩვენი ბიუჯეტი, რომელიც წელს დაბალანსებულია საგარეო დახმარების წყალობით. ესეც რა თქმა უნდა ვალია და მით უფრო მეტი პასუხისმგებლობა გვეკისრება ამის გამო", - აღნიშნა მინისტრმა.
გადასახადების დაწევასთან დაკავშირებით ნათია თურნავას შეკითხვა ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ დაუსვა. დეპუტატმა აღნიშნა, რომ შექმნილ მძიმე ეკონომიკურ პირობებში მოქალაქეებისა და მეწარმეებისთვის საგადასახადო ტვირთის შემცირება უმნიშვნელოვანესია.