ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა რუსი მომღერლის, ლევ ლეშენკოს საქართველოში ჩამოსვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და ამბობს, რომ "ტურისტების" ვიზიტს მიესალმება.
ლეშენკოს ოკუპაციის შესახებ კანონი დარღვეული აქვს, თუმცა თურნავა ამბობს, რომ ეს ასე არ არის და "ცალკეულ თემებზე აჟიტირება" საჭირო არაა.
"საკანონმდებლო თემასთან დაკავშირებით, აქვს თუ არა კანონი დარღვეული საზღვრის დაცვის დეპარტამენტი და შესაბამისი უწყებები გააკეთებენ განმარტებას. მე როგორც ვიცი ეს ასე არ არის, მაგრამ მე არ ვარ ამის სპეციალისტი. როგორც ეკონომიკის მინისტრი გეტყვით, რომ ჩვენ ყოველთვის მივესალმებოდით და დღეს განსაკუთრებით, როდესაც პანდემიააა, მივესალმებით სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ ტურისტებს, მათ შორის ჩვენი სამეზობლოდან და მათ შორის რუს ტურისტებსაც. არ არის საჭირო ასეთი აჟიტირება ცალკეულ თემებზე", - ამბობს თურნავა.
გუშინ, 25 ივლისს მთავარმა არხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საბჭოთა და რუსი მომღერალი, ლევ ლეშენკო, რომელსაც ოკუპაციის შესახებ კანონი დარღვეული აქვს, საქართველოში იმყოფება და სასტუმრო პარაგრაფში ისვენებს.
ლეშენკო მხარს უჭერს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობას. მან 2013 წელს სოხუმში იმ დღეს იმღერა, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმი დამოუკიდებლობის დღეს უწოდებს.