ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ტურისტული სექტორი ის დარგია, რომელიც პანდემიის პერიოდში ყველაზე მეტად დაზარალდა, სწორედ ამიტომ, მთავრობა ამ დარგს ყველაზე მეტად შეუწყობს ხელს.
თურნავა 15 ივლისს გიდებისა და ტუროპერატორების აქციასაც გამოეხმაურა, რომლებიც ხელისუფლებისგან რეგულარული ფრენების დანიშვნას და საკარანტინო პერიოდის გაუქმებას თხოვდნენ. როგორც თურნავა აღნიშნა, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის მოთხოვნისთვის დემონსტრაციები საჭირო არ არის.
„ეს ის დარგი იყო, რომელსაც ერთ-ერთ პირველს დავეხმარეთ და ვფიქრობთ, როგორ დავეხმაროთ შემდგომშიც იმიტომ, რომ ეს პრობლემა ერთი დღით არ შემოიფარგლება. არ არის საჭირო დემონსტრაციების გზით მოითხოვო რომელიმე ჩემ კოლეგასთან ან პრემიერთან შეხვედრა იმიტომ, რომ ჩვენი კარი ყოველთვის ღიაა.
ამ ორიოდე დღის წინ შედგა საკმაოდ წარმომადგენლობითი შეხვედრა, ჩემი მონაწილეობით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელობის მონაწილეობით, ბევრი სასტუმრო მონაწილეობით, ასევე ტუროპერატორების მონაწილეობით და იქ ძალიან საქმიან და მშვიდ ვითარებაში განვიხილეთ ყველა საკითხი, ყველა გადაწყვეტილება, ყველა რისკი და სიკეთე, რაც შეიძლება ამ გადაწყვეტილებით მოვიდეს“,-აცხადებს თურნავა.
თურნავამ ასევე განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში მოხვდა, საზღვრების გახსნა ჯერჯერობით არ იგეგმება, ვინაიდან შესაძლებელია 2-3 კვირის თავზე საჭირო გახდეს გარკვეული დარგების ხელმეორედ დახურვა.
„ყველანი ვთანხმდებით, რომ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად და არ უნდა დავხარბდეთ ერთჯერად სწრაფ და ეფექტურ გადაწყვეტილებას, რომ გავხსნათ ყველასთან საზღვრები. თუმცა, ამის შესაძლებლობას იძლევა ისიც, რომ ჩვენ 15 ქვეყანაში ვართ მოხვედრილები და შეიძლება ისე მოხდეს, რომ 2-3 კვირის თავზე მოგვიწიოს ისევ დახურვა გარკვეული დარგების, რასაც ჩვენი ეკონომიკა ვერ გადაიტანს“,-განაცხადა ნათია თურნავამ.
შეგახსენებთ, 15 ივლისს ტუროპერატორებმა ტურიზმის გადარჩენის მოთხოვნით აქცია-მსვლელობა გამართეს. ისინი ხელისუფლებისგან რეგულარული ფრენების დანიშვნას და საკარანტინო პერიოდის გაუქმებას მოითხოვენ. ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეპიდსიტუაციის შესანარჩუნებლად პისიარ ტესტები აეროპორტშივე უნდა ჩატარდეს და ხარჯები სახელმწიფომ უნდა დაფაროს.
შეგახსენებთ, რომ საქართველო ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ „უსაფრთხო ქვეყნების“ სიაში მოხვდა. გადაწყვეტილების მიუხედავად, გაურკვეველია, როდის აღდგება რეგულარული საერთაშორისო ფრენები საქართველოდან.