თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაქან ფიდანი ბათუმში, "ბეშიქთაშსა" და ისრაელის "ჰაპოელ ბეერ-შევას" შორის გამართული მატჩის დროს მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა. მისი თქმით, მომხდარი ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს არ შეეფერება.
"ჩვენთვის ეს უკიდურესად მიუღებელი ვითარებაა. ეს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების დონეს არ შეეფერება. ვერ შევეგუებით იმას, რომ ჩვენს გულშემატკივრებს ასე მოექცნენ", - აღნიშნა თურქეთის საგარეო მინისტრმა.
მისი განცხადებით, მატჩზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ანკარაში საქართველოს ელჩი დაიბარეს და მას საჭირო გაფრთხილებები მისცეს.
"როდესაც ეს სამწუხარო და მიუღებელი მოვლენები განვითარდა, პაკისტანში მივფრინავდით. სწორედ ამ დროს მოხდა მატჩზე ეს ინციდენტები. ამის შემდეგ დაუყოვნებლივ დავუკავშირდი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს. პირდაპირი კავშირი გვქონდა ადგილზე მყოფ ჩვენს ელჩთან და გენერალურ კონსულთანაც.
ჩვენი უპირველესი მიზანი იყო ადგილზე ვითარების განმუხტვა, რათა არცერთი ჩვენი მოქალაქე პატიმრობაში არ დარჩენილიყო, არ დაშავებულიყო და მათთვის სათანადო ყურადღება მიექციათ. ამ კუთხით ყველა ზომა იქნა მიღებული. ამავდროულად, როგორც იცით, პროცესში ჩვენი სხვა სამინისტროებიც ჩაერთნენ და ინტენსიურად იმუშავეს. დღეს კი ანკარაში საქართველოს ელჩი დაიბარეს და მას საჭირო გაფრთხილებები მისცეს", - თქვა ჰაქან ფიდანმა.
მანამდე თურქულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია თურქეთში საქართველოს ელჩის არჩილ კალანდიას, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარების შესახებ.
"შეხვედრაზე თურქულმა მხარემ ინციდენტის ყველა გარემოების სრულყოფილად გამოძიება და თურქეთის მოქალაქეების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენებასა და მათ წინააღმდეგ განხორციელებულ მოქმედებებზე პასუხისმგებელი პირების მიმართ შესაბამისი სამართლებრივი ზომების მიღება მოითხოვა", - ნათქვამი იყო CNN Türk- ის გავრცელებულ ინფორმაციაში.
26 ნოემბერს, ბათუმში, თურქულ "ბეშიქთაშსა" და ისრაელის "ჰაპოელ ბეერ-შევას" შორის მატჩის მიმდინარეობისას სტადიონზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. გავრცელებული ცნობით, "ოცნების" ხელისუფლების სამართალდამცველებმა ინციდენტთან დაკავშირებით რამდენიმე პირი დააკავეს.
დაკავების პროცესში თურქი გულშემატკივრები პოლიციას ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და სამართალდამცველებს სხვადასხვა საგანს ესროდნენ.
მატჩი თავდაპირველად თურქეთში უნდა გამართულიყო, თუმცა UEFA-მ შეხვედრის მასპინძელი სტადიონის შეცვლის გადაწყვეტილება მიიღო. ორგანიზაციის განმარტებით, თურქეთის ხელისუფლებამ უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე აცნობა, რომ სტამბოლში მატჩის ჩატარება შეუძლებელი იყო. შესაბამის მხარეებთან კონსულტაციების შემდეგ კი გადაწყდა, რომ ევროპა ლიგის შეხვედრას საქართველო უმასპინძლებდა.
