ახალი წინასაარჩევნო გამოკითხვები აჩვენებს, რომ თურქეთის პრეზიდენტობის ოპოზიციური კანდიდატი, ქემალ ქილიჩდაროღლუ ამჟამინდელ პრეზიდენტს, რეჯეპ ტაიპ ერდოღანს უსწრებს და გამოკითხვებში 10%-იანი უპირატესობით ლიდერობს. თურქეთში არჩევნები 14 მაისს არის დაგეგმილი.
ოპოზიციური ბლოკი, ეროვნული ალიანსი 6 პარტიისგან შედგება და მათი კანდიდატი ქემალ ქილიჩდაროღლუა. გამოკითხვების თანახმად, მას ამომრჩეველთა 50%-ზე მეტი უჭერს მხარს, მაშინ, როცა ერდოღანის მიმართ მხარდაჭერა, საშუალოდ, 44%-ს შეადგენს.
ამ ეტაპზე, საპრეზიდენტო არჩევნებში 6 კანდიდატი მონაწილეობს. თუ პირველ ტურში ხმათა 50%-ს ვერცერთი კანდიდატი ვერ აიღებს, პირველ ორ კანდიდატს შორის მეორე ტური 28 მაისს ჩატარდება.
Aksoy Research-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვების თანახმად, საპარლამენტო არჩევნებში, ასევე, ოპოზიციური ბლოკი, ეროვნული ალიანსი ხმათა 44,1% ლიდერობს და სულ მცირე, 6 პროცენტით უსწრებს ერდოღანის პარტიასა და მის მოკავშირეებს. გამოკითხვების მიხედვით, მმართველ პარტიასა და მის მოკავშირე პარტიას ხმათა 38,2% აქვთ. რაც შეეხება პროქურთულ სახალხო პარტიას, მას ამომრჩევლების 10%-ზე მეტი უჭერს მხარს.
თურქეთში არსებული ინფლაციისა და ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ანუ მას შემდეგ, რაც ერდოღანის პოპულარობამ იკლო, ის 20-წლიანი მმართველობის პერიოდში ყველაზე დიდი გამოწვევის წინაშე სწორედ ახლა დგას.