ბოლო მონაცემებით, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრების შედეგად დაღუპულია, სულ მცირე, 28 000-ზე მეტი ადამიანი. მათგან 24 000-ზე მეტი დაღუპულია თურქეთში.
გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე ჰუმანიტარულ საკითხებში მარტის გრიფიტსი ამბობს, რომ თურქეთსა და სირიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა, შესაძლოა, სულ მცირე ორჯერ გაიზარდეს და 50 000-ს მიაღწიოს.
ბოლო დღეებში, თურქეთში რამდენიმე ადამიანი ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს, მათ შორის იყო 2 წლის ბიჭი, რომელმაც ჰატაიში ჩამონგრეული შენობის ნანგრევებში 79 საათი გაატარა. მაშველებმა გადაარჩინეს 10 წლის გოგოც, რომელსაც ნანგრევებში 90 საათის გატარება მოუწია.
ბოლო ინფორმაციით, თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულია საქართველოს 5 მოქალაქე.
მიწისძვრიდან 3 დღის შემდეგ გაეროს პირველი ჰუმანიტარული დახმარება ჩავიდა სირიაში. თურქეთში ერთკვირიანი გლოვაა გამოცხადებული. ამასთან, 10 რეგიონში სამი თვით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
რაც შეეხება სირიას, სხვადასხვა მედიასაშუალების ინფორმაციით, სიცივისა და განადგურებული ინფრასტრუქტურის გამო სამაშველო სამუშაოები გართულებულია. ამას ემატება ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი და სამხედრო კონფლიქტი.
***
ძლიერი მიწისძვრა თურქეთსა და სირიაში ორშაბათს, გვიან ღამით მოხდა. მისი სიმძლავრე 7.8 მაგნიტუდას აღწევდა და მას 100-მდე ბიძგი მოჰყვა. სტიქიის გამო დაინგრა ათასობით შენობა. სხვადასხვა ქვეყნიდან თურქეთსა და სირიაში ჰუმანიტარული და სამაშველო დახმარება გაიგზავნა. სამშაბათს დილით ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული თვითმფრინავები ერაყიდან და ირანიდან დამასკოს აეროპორტში ჩაფრინდა.
მაშველები გააგზავნა საქართველომ, აშშ-მა და ინდოეთმა. ევროკავშირმა გაააქტიურა კრიზისებზე რეაგირების მექანიზმი, ხოლო პალესტინიდან სამოქალაქო და სამედიცინო ჯგუფები სირიასა და თურქეთში გაემგზავრნენ.