თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე "ფორმულასთან" საუბარში აცხადებს, რომ ახლა მოდუნების დრო არ არის და შექმნილი ვითარება დამშვიდების საფუძველს მაინც არ იძლევა.
ცერცვაძე მიიჩნევს, რომ თუ ინფიცირების მატება ამ ტემპით გაგრძელდა სიტუაცია კონტროლირებადი იქნება. მან ასევე მოქალაქეების პასუხისმგებლობაზეც ისაუბრა.
"გაგრძელდება შემთხვევების მატება, ვინაიდან შიდა გავრცელება იყო. ეს არ იყო დაკავშირებული მარტო ეკლესიურ დღესასწაულებთან. შიდა გავრცელება შიდა გავრცელებაა. ეს იმას ნიშნავს, რომ არავინ არ იცის, მის გვერდით მყოფს აქვს თუ არა ინფექცია და შეიძლება დაინფიცირდეს. მაგრამ ახლა უფრო იმედი მაქვს, რომ ეს იქნება დღეში მხოლოდ რამდენიმე ათეული შემთხვევა და არა რამდენიმე ასეული ან ათასეული, როგორც ეს სხვაგან ხდება. ერთი წუთითაც არ უნდა მოვადუნოთ ყურადღება, იმიტომ, რომ თუ ყურადღებას მოვადუნებთ და დავუშვებთ იმ სცენარს, რომელიც ევროპის და ამერიკის ქვეყნებში ხდება, მთელი მონაპოვარი რაც გვაქვს, შეიძლება ერთ კვირაში ჩავყაროთ წყალში. შეიძლება 1 კვირაში ან 10 დღეში ზუსტად იგივე სცენარი გათამაშდეს რაც სხვა ქვეყნებში თამაშდება. დღეს ეპიდემიის განვითარების სცენარი თითოეული მოქალაქის ხელშია", - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.