logo
ENG



იაპონიაში ტაიფუნს ებრძვიან

13 ოქტ 201920:38
3 წუთის საკითხავი
 
ziclf50jv3eiijd.png

იაპონიაში ტაიფუნს  33 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 160, დაკარგულად ითვლება 19 მოქალაქე. კუნძულზე დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. მილიონობით ადამიანი სასმელი წყლისა და ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

ბოლო 24 საათის განმავლობაში იაპონიის  აღმოსავლეთ რეგიონებში სამაშველო ოპერაცია უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. მაშველები დატბორილი  ქალაქებიდან  მოსახლეობის ევაკუაციას ვერტმფრენებისა და ნავების  დახმარებით ახდენენ.  8 მილიონამდე ადამიანმა კი ამ დრომდე არ იცის, როდის შეძლებს საკუთარ სახლში დაბრუნებას.  დაღუპულების ოჯახებს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მიუსამძიმრა. სინძო აბეს განცხადებით, ხელისუფლებამ სამაშველო ოპერციაში არმიაც ჩართო.

„პოლიციასთან, მეხანძრეებთან და სანაპირო დაცვასთან ერთად სამაშველო და სამძებრო ოპერაციებში ქვეყნის თავდაცვის ძალების 27 ათასი სამხედრო მოსამსახურეა ჩართული. საჭიროების შემთხვევაში, ჯარისკაცების რაოდენობას გავზრდით. ჩვენ ვაგრძელებთ სამთავრობო ინსტიტუტებთან აქტიურ მუშაობას, იმისათვის, რომ რაც შეიძლება მალე აღვადგინოთ დაზიანებული ინფრასტრუქტურა, ელექტროენერგიისა და  წყლის მიწოდება, ასევე სატრანსპორტო მიმოსვლა“ - აცხადებს სინძო აბე. 

ამ დროისთვის ტოკიოში და მის შემოგარენში  ნაწილობრივ  განახლდა სარკინოგზო მიმოსვლა, თუმცა მუშაობის სრულფასოვან განახლებას ვერ ახერხებს აეროპორტები. შეზღუდვა ფრენებზე სავარაუდოდ ხვალ დილით მოიხსნება. იაპონიის ხელისუფლებამ ტაიფუნ „ჰაგიბისის" მიერ მიყენებული ზარალის დათვლა უკვე დაიწყო.


close დახურვა