ბიძინა ივანიშვილის მიერ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე დადებულ წინასაარჩევნო პირობას ვადა 5 დღეში ეწურება. მან ერთი წლის წინ მოსახლეობას სალომე ზურაბიშვილისთვის ხმის მიცემა სთხოვა და პირობა დადო, რომ ერთ წელში მმართველობასა და პარტიაში არსებულ პრობლემებს მოაგვარებდა.
2018 წლის 5 ნოემბერს საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, როდესაც ოპოზიციის კანდიდატმა მაღალი პროცენტი მიიღო, ივანიშვილმა პარტიის და ქვეყნის მართვის პრობლემები აღიარა და გამოსწორების პირობა დადო.
რა შეიცვალა ერთ წელიწადში, შემოირიგა თუ არა ჩრდილში გადანაცვლებული ე. წ. ძველი გვარდია და ვის დაუფასდა ერთგულება - ეს კითხვა დღეს ივანიშვილის ყველაზე სტაჟიან თანამებრძოლებს დავუსვით. ბიძინა ივანიშვილის დაპირებასა და იმის შესახებ, როგორ დაუფასათ ღვაწლი მილიარდელმა, ქართული ოცნების ძველი სახეების ნაწილმა საუბარი საერთოდ არ ისურვა.
მმართველი გუნდის პოლიტიკური ოპონენტების განცხადებით, მთავარი პრობლემები, რაც მთავრობას ქვეყნის მართვაში აქვს, სწორედ არაფორმალური მმართველის გააზრებული არჩევანია. დაპირების გაცემის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი საჯაროდ მხოლოდ რამდენჯერმე გამოჩნდა, თუმცა პირობის შესრულებამდე 5 დღით ადრეც კი მას ამ თემაზე აღარ უსაუბრია.