logo
ENG



ივანიშვილი: კოალიციას გამოვრიცხავთ, უმრავლესობით მოვალთ, 100 მანდატი ექნება ოცნებას

31 ოქტ 202008:33
3 წუთის საკითხავი
 

ქართული ოცნების ლიდერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მმართველი გუნდი წინასაარჩევნო კვლევებს ატარებდა, რომლის მიხედვითაც, ოცნება არჩევნებში 55-60%-იან გამარჯვებას მოიპოვებს. 

მისივე განცხადებით, სხვა პარტიებთან კოალიცია გამორიცხულია, რადგან ქართული ოცნება ხელისუფლებაში უმრავლესობით მოვა. 

"კვლევებს ვატარებთ. სტაბილური კვლევები გვაქვს ყველგან. არანაკლებ 55%-სა არამეტი 60%-სა. სხვა კვლევებიც არსებობს გარდა შიდაპარტიულისა. მათგან ორი-სამი არის სიცრუეზე აგებული და მათ კვლევებს ანგარიშს არ ვწევთ. სხვა დანარჩენი კვლევებიც სწორედ ამაზე მიანიშნებს. 

კოალიციას გამოვრიცხავთ, ჩვენ აბსოლუტური უმრავლესობით მოვალთ. მე ვფიქრობ, რომ 100 მანდატი ექნება ქართულ ოცნებას. პლუს-მინუს 2 კაცი", - განაცხადა ივანიშვილმა. 

საქართველო დღეს მე-10 მოწვევის პარლამენტს აირჩევს. 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები თითქმის პროპორციული სისტემით ტარდება - პარლამენტის 30 მანდატი მაჟორიტარული წესით შეივსება, 120 კი - პროპორციული სიით. მეორე ტურები გაიმართება იმ მაჟორიტარულ ოლქებში, რომლებშიც ვერცერთი კანდიდატი 50%-იან მხარდაჭერაზე მეტს ვერ მოაგროვებს.

საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, მეორე ტურები პირველი ტურების დასრულებიდან 3 კვირის თავზე ინიშნება. უმრავლესობის დასაკომპლექტებლად კი პარტიებს და კოალიციებს 150 საპარლამენტო მანდატიდან 76 - ის მოგროვება დასჭირდებათ.


close დახურვა