ბიძინა ივანიშვილის აზრით, საქართველოში სიღარიბე რეალობაა, თუმცა, ის ქართული ოცნების ხელისუფლებას მემკვიდრეობით ერგო, შესაბამისად, ვერ მიიღებს ბრალდებას, რომ ეს ბოლო 8 წლის მმართველობის შედეგია.
"კარგად მესმის, რომ წარმატებების მიუხედავად, ჩვენი ქვეყნის მთავარ გამოწვევად და პრობლემად ჯერ კიდევ დაუძლეველი სიღარიბე რჩება. ჯერ კიდევ ბევრია გაჭირვებაში მყოფი ოჯახი, რომელთა ყოფა გლობალურმა პანდემიამ კიდევ უფრო დაამძიმა. უამრავ ჩვენს თანამოქალაქეს უდიდესი გარჯა უწევს იმისთვის, რომ ნორმალურად გამოკვებოს ოჯახი, იზრუნოს შვილების ხარისხიან განათლებაზე, ჰქონდეს ცხოვრების ღირსეული პირობები.
დიახ, სიღარიბე ობიექტური რეალობაა, რომელსაც მე გულისტკივილით ვუსწორებ თვალს. მაგრამ ვერ მივიღებ იმ ბრალდებას, რომ სიღარიბე, რომელიც მემკვიდრეობით გვერგო, „ქართული ოცნების“ მმართველობის შედეგია.
არაერთხელ მითქვამს და დღესაც გავიმეორებ – დღევანდელი სიღარიბე ათწლეულობით დაგროვებული პრობლემაა და სათავეს იმ დროიდან იღებს, როდესაც ჩვენი ხელით დავანგრიეთ ახლად ფეხადგმული სახელმწიფო. დღევანდელი სიღარიბე იმ უწყვეტი დაღმასვლისა და კატაკლიზმების შედეგია, რომლებიც ჩვენმა ქვეყანამი დამოუკიდებლობის მოპოვებიდან ოცი წლის განმავლობაში გამოიარა". - თქვა ივანიშვილმა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში 2020 წელს 56.5 ლარის საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 82 970 - ით გაიზარდა. თუ შარშან საარსებო შემწეობას 427 373 პირი იღებდა, დღეს ეს რიცხვი 510 343 -მდე გაიზარდა. ასევე გაიზარდა იმ ოჯახების რაოდენობა, რომლებიც საარსებო შემწეობას იღებენ. შარშანდელთან შედარებით (119 582) წელს (142 000) ასეთი ოჯახები 23 288-ით მეტია.
ამრიგად, სოციალური სააგენტოს სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საქართველოში საარსებო შემწეობას მოსახლეობის 13.7 % იღებს, ანუ ყოველ მეათე მოსახლეზე მეტი.