"ხელისუფლებას ჯერ კიდევ აქვს დრო გონს მოეგოს",- ასე ეხმაურებიან ოპოზიციის წარმომადგენლები სენატორების უმწვავეს გზავნილს.
მათი თქმით, ხელისუფლება თუ არ დათმობს პროპორციულ არჩევნებს, მიიღებს სავალალო შედეგებს. ამიტომ,მმართველმა გუნდმა უნდა გადაწყვიტოს, გააგრძელებს დემოკრატიის თამაშს, თუ დათმობს ძალაუფლებას.
"ბატონო გიორგი ესეც ფრონტერაა?! როცა სასამართლოებზე ლაპარაკობენ ან როცა პოლიტიკურ დევნასა და პოლიტიკური ოპონენტების დაპადიეზდებაზეა საუბარი, ესეც ფრონტერაა?! როცა არჩევნების ჩაგდებაზე საუბრობენ, ესეც ფრონტერაა?!",-აცხადებს უგულავა
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ხატია დეკანოიძის თქმით, ივანიშვილს მოუწევს საზოგადოების მოთხოვნის დაკმაყოფილება.
"ივანიშვილსა და მის გუნდს, რომელიც რუსულ ინტერესებს ატარებს, ეყოფა აზროვნება დააბრუნოს პროპორციული საარჩევნო სისტემა. წინააღმდეგ შემთხვევაში შავი ღრუბელი, რომელიც მის თავზე შეიკრიბა უკვე, გამოუშვებს სეტყვას და ივანიშვილი გაიზიარებს პლახატნუკის ბედს",-განმარტავს დეკანოიძე.
ოპოზიციისგან განსხვავებით ხელისუფლებაში სენატორების კრიტიკის მართებულობას არ იზიარებენ და ამბობენ, რომ ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება.
"ბუნებაში არ არსებობს რამდენიმე ფაქტი, რაც საფუძვლად დაედო კრიტიკას. მაგალითად, ივანიშვილი არსად დამუქრებია ოპოზიციას რომ ციხეში გაუშვებს. ეს კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზაა",-აცხადებს მამუკა მდინარაძე.
შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" კრიტიკა ვაშინგტონიდან არ წყდება. მორიგი გზავნილი საქართველოს ხელისუფლებამ ამჯერად სენატორებისგან მიიღო. კომიტეტის თავმჯდომარე „რესპუბლიკელი" სენატორი ჯიმ რიში და ევროპის ქვედა კომიტეტის უმცირესობის „დემოკრატი" ლიდერი, სენატორი ჯინ შაჰინი საქართველოს მთავრობას დემოკრატიული პრინციპების დაცვისკენ მოუწოდებენ და აფრთხილებენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა შეერთებული შტატებისა და საქართველოს შორის ურთიერთობა გადაიხედოს.