logo
ENG



ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს და ამტკიცებს, რომ გახარია მისი პროექტი არაა

07 ივნ 202110:50
3 წუთის საკითხავი
 

პოლიტიკიდან წასული ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს და ამტკიცებს, რომ გიორგი გახარია მისი პროექტი არაა.

მის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"როგორც საზოგადოებას მოეხსენება, პოლიტიკიდან ჩემი გასვლის შემდეგ არ გამიკეთებია არც ერთი პირდაპირი თუ ირიბი განცხადება საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ. მაშინაც კი, როდესაც მიმდინარე წლის თებერვალში სახელმწიფო და ხელისუფლება სერიოზული პოლიტიკური გამოწვევის წინაშე დადგა, არ გამომიხატავს ჩემი პოზიცია, რათა ვინმესთვის ჩემი პოლიტიკური ინტერესის შესახებ სპეკულირების საბაბიც კი არ მიმეცა.

პოლიტიკიდან გასვლის ფონზე, ბუნებრივია, არ შემიწყვეტია ურთიერთობა საზოგადოების წარმომადგენლებთან. ოჯახის წევრებისგან, მეგობრებისგან, ახლობლებისგან, ნაცნობებისგან ვიღებ ინფორმაციას საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ. მათგან შევიტყვე მოარული თუ შეგნებულად გავრცელებული ხმების შესახებ იმასთან დაკავშირებით, რომ, თითქოს, გიორგი გახარიას პარტია ჩემი ე.წ. პოლიტიკური პროექტია. რადგან ვხედავ მცდელობას, პოლიტიკიდან გასვლის მიუხედავად, ცრუ ინფორმაციის გავრცელებით, ჩემი სახელი კვლავაც ქართულ პოლიტიკას დაუკავშირონ, თავს ვალდებულად მივიჩნევ, საზოგადოებას მივცე მცირე განმარტება ამ თემასთან დაკავშირებით.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ სატელიტი ფსევდოპარტიების შექმნა საქართველოში წლების განმავლობაში ფართოდ დანერგილი მანკიერი პრაქტიკა იყო. თუმცა, ამგვარი რამ ჩემი ხელწერა არასოდეს ყოფილა და 2011 წლიდან პოლიტიკიდან ჩემს საბოლოოდ გასვლამდე ქართული საზოგადოებისთვის არც ერთი ფსევდოპარტიის შექმნა არ მიკადრებია. მით უფრო გამორიცხულია, ამგვარი რამ საკუთარ თავს ან საზოგადოებას პოლიტიკიდან გასვლის შემდეგ ვაკადრო.

გარდა იმისა, რომ ფსევდოპარტიის შექმნა თავისთავად არასწორი მოვლენაა, გიორგი გახარიასთან პოლიტიკური თანამშრომლობა ჩემთვის ისედაც ყოვლად მიუღებელი იქნებოდა. მთელი ამ წლების მანძილზე, ქართულ პოლიტიკაში უამრავი პოლიტიკური გადაცდომის მომსწრე გავხდით და მეგონა, რომ ამ თვალსაზრისით, აღარაფერი და ვეღარავინ გამაოცებდა. თუმცა, რაც გიორგი გახარიამ მიმდინარე წლის თებერვალში გააკეთა, ამ ფონზეც კი, გაკვირვებას იწვევს.

მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა და ყველაზე დიდი ძალაუფლების მქონე სახელმწიფო თანამდებობის პირმა სრულიად გაუგებარ დროს, ყოვლად გაუგონარი მიზეზით დატოვა თანამდებობა - იგი გადადგა იმ მიზეზით, რომ არ სურდა კანონის უზენაესობის დაცვა და კანონის აღსრულება, რისკენაც მას მთელი პოლიტიკური გუნდი მოუწოდებდა. ის ითხოვდა კანონის აღსრულების ორი დღით გადავადებას, რის შესახებაც ჩვენ დღემდე ვერავითარი დამაჯერებელი განმარტება ვერ მოვისმინეთ. გახარიას ეს პოზიცია მით უფრო გაუგებარი იყო იმ ფონზე, რომ რამდენიმე დღით ადრე ის საკუთარი გუნდისგან მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას დაჟინებით მოითხოვდა. უმაღლესი თანამდებობის პირის ამგვარ მოქმედებას, გაუგებრობის ხარისხით, მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაშიც კი ძნელად შეიძლება მოეძებნოს ანალოგი.

თებერვალში გიორგი გახარიას ქმედება იყო საკუთარი გუნდის ღალატი. და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ეს იყო საკუთარი სახელმწიფოს პირდაპირი ღალატი. სამართლისა და კანონის უზენაესობა არის ნებისმიერი სახელმწიფოს ქვაკუთხედი. უპირველეს ყოვლისა, სწორედ კანონის უზენაესობის მიმართ დამოკიდებულებით უნდა შეფასდეს და გაიზომოს ნებისმიერი პოლიტიკოსისა და სახელმწიფო თანამდებობის პირის საქმიანობა და მოღვაწეობა. როდესაც უმაღლესი რანგის თანამდებობის პირი კანონის უზენაესობის წინააღმდეგ გამოდის და ამ საბაბით თანამდებობას ტოვებს, ამაზე დიდი პოლიტიკური დანაშაული ძნელი წარმოსადგენია. მინდა მწუხარებით აღვნიშნო, რომ ამ ყველაფერმა ჩემი მძიმე იმედგაცრუება გამოიწვია.

ამ ყველაფრის ლოგიკური გაგრძელება იყო გიორგი გახარიას მიერ პოლიტიკური პარტიის დაფუძნება. მის პარტიას არა აქვს არავითარი იდეოლოგიური თუ კონცეპტუალური საფუძველი და იგი, აშკარად, მოაზრებულია როგორც სიტუაციური ინსტრუმენტი მმართველი გუნდისთვის საარჩევნო ხმების თუნდაც მცირე რაოდენობის წასართმევად.

ჩემი ერთ-ერთი საყვარელი გამონათქვამია - ზოგი ჭირი მარგებელია. იყო გათვლა, რომ გახარიას გადადგომით დადგებოდა მძიმე პოლიტიკური კრიზისი. თუმცა, როგორც ვხედავთ, მმართველი პარტიის ძლიერმა, პროგრესულმა და გამოცდილმა გუნდმა მარტივად შეძლო სირთულეების დაძლევა და სახელმწიფო ინსტიტუტების გამყარება. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკიდან ჩემი გასვლის შემდეგ ორი წამყვანი სახელმწიფო თანამდებობის პირი შეიცვალა, სახელმწიფო აგრძელებს სტაბილურ ფუნქციონირებას.

მნიშვნელოვანია, რომ მმართველი პარტია არ არის დამოკიდებული ცალკეულ პიროვნებებზე და იგი ძლიერია, როგორც ერთიანი გუნდი, რომელსაც უყვარს ქვეყანა, აქვს ღირებულებები და მყარად იცავს სახელმწიფო ინტერესებს. ამ თვალსაზრისით, „ქართული ოცნების“ სრული ანტიპოდია „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც, თავიდან ბოლომდე, მძიმე კრიმინალური წარსულის მქონე მის ერთპიროვნულ ლიდერზე არის დამოკიდებული. საკმარისია, ეს ლიდერი საჯარო სივრცეს ჩამოშორდეს და მისი პარტია მყისიერად ჩამოიშლება.

ერთ-ერთი მთავარი შედეგი, რასაც „ქართულმა ოცნებამ“ ჩემთან ერთად და პოლიტიკიდან ჩემი გასვლით მიაღწია, სწორედ საქართველოში პიროვნების კულტისა და მესიანიზმის მანკიერი ტრადიციის დასრულებაა.

ღრმად ვარ დარწმუნებული, ჩემს მიერ დაფუძნებული პარტია მომავალშიც წარმატებით უზრუნველყოფს სახელმწიფოს სიმტკიცეს, დემოკრატიული ინსტიტუტების, სამართლისა და კანონის უზენაესობის დაცვას, რაც სახელმწიფოს განვითარების აუცილებელი პირობაა", - ნათქვამია განცხადებაში.


close დახურვა