ბიძინა ივანიშვილი კითხვებს არ პასუხობს და საჯარო სივრცეში ჟურნალისტებთან კონტაქტს ერიდება. "ოცნების" ლიდერმა ამჯერად მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე ისე დატოვა, რომ კითხვებზე არ უპასუხია. მმართველი გუნდის ლიდერი სასახლეში სამეცნიერო ნაშრომის პრეზენტაციაზე იმყოფებოდა. ის მხოლოდ მოკლე კომენტარით შემოიფარგლა და ჟურნალისტებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.
ივანიშვილის გარდა, ღონისძიებას მთავრობის მცირე წარმომადგენლობა ესწრებოდა, მათ შორის მიხეილ ჩხენკელი და კახა კუჭავა, თუმცა მედიასთან კომენტარი არც მათ გაუკეთებიათ. ჟურნალისტების კითხვებს მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძემ უპასუხა.
საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე დაძაბულობის ფონზე, როცა ერთადერთი გამშვები პუნქტი ჩაკეტილია და გამყოფი ზოლის იქით მყოფი მოსახლეობა იზოლაციაშია, რას აკეთებს ამ დროს საგარე საქმეთა სამინისტრო? - ამ კითხვაზე პასუხად თოთლაძემ ყურადღება ჟენევის მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე გაამახვილა და აღნიშნა შეხვედრაზე აღნიშნული საკითხი აუცულებად დადგება დღის წერიგში.
"მოგეხსენებათ, რომ საოკუპაციო ხაზთან არსებულ მონაკვეთებზე თავისუფალი გადაადგილების უფლება რომ შეზღუდულია, ეს არ არის ახალი. ჩვენ ამ საკითხზე ყველა შესაბამის ფორმატში მუდმივად ვსაუბრობთ. მდგომარეობა ნამდვილად მძიმეა და ამას ვადასტურებთ. ეს, ისევ და ისევ, მეტყველებს იმ საოკუპაციო რეჟიმის პოლიტიკაზე, რასაც სამწუხაროდ ისინი ატარებენ", - აღნიშნა თოთლაძემ.