logo
ENG



იზოლაციაში მყოფი 72 ადამიანი - ჩაიკეტება თუ არა რუსთავი ჯერ უცნობია

04 აპრ 202019:49
3 წუთის საკითხავი
clock 742

ბებიის, ბაბუის და მამის შემდეგ, კორონავირუსი 13 წლის მოზარდს დაუდასტურდა. რუსთავის საკრებულოს დეპუტატის შვილს თბილისში, ბოჭორიშვილის კლინიკაში მკურნალობენ. კორონავირუსი არ დაუდგინდა დეპუტატის ცოლს და დანარჩენ 3 შვილს. ჯამში, კორონავირუსით ინფიცირებულია ამ ოჯახის 4 წევრი. ეს ე.წ. ეროვნული ბანკის კლასტერია. ბანკის თანამშრომელმა ქალმა, რომელმაც თვითიზოლაციის წესები დაარღვია, ვირუსი ჯერ ქმარს და შვილს, საკრებულოს დეპუტატს გადასდო. ამის შემდეგ, კი დეპუტატმა თავისი შვილი დააინფიცირა. 

რუსთავის საკრებულოს დეპუტატები თვითიზოლაციაში რჩებიან. დღეს კიდევ 20 ადამიანით გაიზარდა ინფიცირებულ დეპუტატსა და მის ოჯახთან შეხებაში მყოფი ადამიანების რაოდენობა და ახლა თვითიზოლაციასა და კარანტინში 72 ადამიანია. ერთ-ერთია საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, რომლის მტკიცებით, მისმა კოლეგამ არ იცოდა, რომ დედამისი ეროვნულმა ბანკმა თვითიზოლაციაში გაუშვა.

რუსთავში, ჯამში, კოვიდ-19-ის 7 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 6 ინფიცირებული ე.წ. ეროვნული ბანკის კლასტერია. 4 - საკრებულოს დეპუტატის ოჯახი, 2 კი - ცოლ-ქმარი. ქმარმა, რომელიც ეროვნული ბანკის თანამშრომელია, ვირუსი ცოლს გადასდო, ცოლმა - სასწრაფო დახმარების ექიმს. მიმდინარეობს მათთან შეხებაში მყოფი ადამიანების იდენტიფიკაცია.

რუსთავის მცხოვრებთა ნაწილი ამ შემთხვევების გამო შეშინებულია და ფიქრობს, რომ უსაფრთხოების წესები რუსთავში უნდა გამკაცრდეს, თუმცა ნაწილი ამის საჭიროებას ჯერ ვერ ხედავს. 

ადგილობრივი ხელისუფლება უარყოფს, რომ რუსთავის მკაცრ საკარანტინო ზონად გამოცხადება იგეგმება. თუმცა, ისინი არ გამორიცხავენ, უსაფრთხოების ზომები გამკაცრდეს ცალკეულ ქუჩებზე ან უბნებში. 

13 პაციენტი იმყოფება მეთვალყურეობის ქვეშ რუსთავის ცხელების ცენტრში. აქედან 9 პოლონეთიდან გუშინ ჩამოყვანილი მოქალაქეა. მათ ნაწილს სიცხე აქვს, თუმცა ანალიზების პასუხი ცნობილი ჯერ არ არის.  


close დახურვა