გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ ჯერ არ არის ცნობილი იმოქმედებს თუ არა დათბობა კორონავირუსის საწინააღმდეგოდ.
„ბატონი ამირან გამყრელიძე დათბობაზე ლაპარაკობდა. არავინ არ ვიცით, იმედია გვიშველის. ამასობაში შეიძლება ანტივირუსული საშუალებები წამოგვეშველოს. ძალიან აქტიურად მიდის მუშაობა ანტივირუსზე. ჩვენ პარტნიორ ამერიკულ კომპანიას „გილიადს“ აქვს პრეპარატი გამზადებული, ჯერ ამერიკაში გამოცადეს.
ჩინელი მეცნიერებიც მუშაობდნენ ანტივირუსულ პრეპარატებზე. დიდი იმედი გვაქვს, რომ ზაფხულისთვის იქნება ანტივირუსული საშუალება. თუმცა, ეს 55 000-მდე ადამიანი ვინც გამოჯანმრთელდა, წამლის გარეშე განიკურნენ. ბავშვებს პრაქტიკულად არ ხვდება, დიდების 80% მსუბუქ ფორმებში გადაიტანეს დაავადებას. ჩვენთანაც, ძალიან მსუბუქად მიმდინარეობს უმრავლესობის მკურნალობა“, - განაცხადა იმნაძემ.
დაავადების კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის კიდევ ხუთი შემთხვევა ოფიციალურად დადასტურდა. ჯამში საქართველოში კორონავირუსით 9 ადამიანია დაინფიცირებული.