დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე ამბობს, რომ საქართველოში მაიმუნის ყვავილის ვირუსის 2 სავარაუდო შემთხვევა დაფიქსირდა.
თუმცა, როგორც იმნაძემ ფორმულას განუცხადა, ამ ორი შესაძლო შემთხვევიდან, ერთი უარყოფითი აღმოჩნდა, ხოლო, მეორე შემთხვევის გამოკვლევა გრძელდება.
რა ვიცით მაიმუნის ყვავილზე ?
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) ინფორმაციით, მაიმუნის ყვავილი ზოონოზური დაავადებაა, რომელიც ადამიანს უპირატესად მღრღნელებისა და პრიმატებისგან გადაეცემა. ადამიანებს შორის კი ვირუსი ვრცელდება რესპირატორული გზით, ინფიცირებულ ბიოლოგიურ სითხეებთან პირდაპირი კონტაქტით, ან დაინფიცირებულ საგნებთან შეხებისას.
მაიმუნის ყვავილის კლინიკა ძირითადად ყვავილის კლინიკის მსგავსია, თუმცა გაცილებით მსუბუქად მიმდინარეობს. ინკუბაციური პერიოდი 5-დან 21-დღემდეა (მეტწილად 7-14 დღე).
„ჯანმო-ს მიერ შემუშავებულია მაიმუნის ყვავილის შემთხვევის განსაზღვრების სამუშაო ვერსია:
შესაძლო შემთხვევა - ცხელებით (>38.3⁰C) მიმდინარე მწვავე დაავადება, რომელსაც თან ახლავს თავის ძლიერი ტკივილი, ლიმფოადენოპათია, წელის ტკივილი, მიალგია, ძლიერი სისუსტე და 1-3 დღის შემდეგ განვითარებული პროგრესული გამონაყარი, რომელიც ხშირად სახიდან იწყება და შემდეგ ვრცელდება სხეულის სხვა ნაწილებზე, მ.შ. ფეხის ტერფებსა და ხელის გულებზე. გამონაყარი იწყება მაკულებით, რომლებიც გარდაიქმნება პაპულებად, ვეზიკულებად, პუსტულებად და შემდეგ ქერქად.
სავარაუდო შემთხვევა - შესაძლო შემთხვევის განსაზღვრებასთან თავსებადი შემთხვევა, რომელიც არ არის ლაბორატორიულად დადასტურებული, მაგრამ გააჩნია ეპიდემიოლოგიური კავშირი დადასტურებულ ან სავარაუდო შემთხვევასთან.
დადასტურებული შემთხვევა - კლინიკურად თავსებადი შემთხვევა, რომელიც დადასტურებულია ლაბორატორიული კვლევის შედეგად", - აღნიშნულია NCDC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.