სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მიხეილ სააკაშვილის უფლებების დაცვისა და შესაძლო დარღვევების პრევენციის მიზნით განმარტავს, რომ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებას პატიმრის შიმშილობის დროს ეკისრება პოზიტიური ვალდებულება დროულად და ეფექტურად დაიცვას თავისუფლებააღკვეთილი პირის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. არასათანადო ზომების მიღება, შესაძლოა გახდეს ადამიანის უფლებათა დარღვევის საფუძველი.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, პატიმრობაში მყოფ პირს უნდა გაეწიოს სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვისთვის აუცილებელი სამედიცინო დახმარება და ჩაუტარდეს ყველა საჭირო გამოკვლევა და მკურნალობა.
„საპატიმრო დაწესებულებებში გაწეული სამედიცინო მკურნალობა უნდა იყოს იმ დონის შესაბამისი, რასაც სახელმწიფო უზრუნველყოფს ზოგადად მოსახლეობისათვის. ეს არ ნიშნავს იმას, რომ თავისუფლებააღკვეთილი ყველა პირი უნდა მოთავსდეს ციხის დაწესებულებების გარეთ არსებულ საუკეთესო სამედიცინო დაწესებულებაში. თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, პატიმრის ჯეროვანი მკურნალობისათვის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანაზე გაუმართლებელმა უარმა, შესაძლოა წარმოშვას ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევის საფრთხეები“ - წერია განცხადებაში.
ინსპექტორის სამსახური განმარტავს, რომ პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრად გაუარესებამ, შესაძლოა, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გაწეული სამედიცინო მომსახურების ადეკვატურობასთან დაკავშირებით ეჭვები გააჩინოს.
გარდა ამისა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური საუბრობს მოშიმშილე თავისუფლებააღკვეთილი პირის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობაზე და ამბობს, რომ მისი პერსონალური, განსაკუთრებით კი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მონაცემები უნდა იყოს კონფიდენციალური.
„ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემი, მისი სენსიტიური ხასიათის გამო, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემს მიეკუთვნება. ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობა, ასეთი ინფორმაციის დაცვის მიზნით, აწესებს მკაცრი კონფიდენციალურობის პრინციპს. პირს უნდა ჰქონდეს განცდა და ლეგიტიმური მოლოდინი, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალური იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა მან თავი შეიკავოს სამედიცინო მომსახურების მიღებისაგან, სამედიცინო პერსონალისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებისგან, რომლითაც საფრთხე ექმნება მისთვის სწორი დიაგნოზის დასმას და ადეკვატური მკურნალობის გაწევას“ - წერია განცხადებაში.
შესაბამისად, ყველა ვისაც ხელი მიუწვდება პირის ჯანმრთელობის შესახებ მონაცემებზე, ვალდებულია დაიცვას ინფორმაციის კონფიდენციალურობა. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის პირობებში, ინსპექტორის სამსახურის განცხადებით, გამართლებულია მისი მდგომარეობის შესახებ მხოლოდ ზოგადი ინფორმაციის გავრცელებაა დასაშვები; დეტალების გასაჯაროება მხოლოდ სუბიექტის თანხმობითაა შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ ამ შემთხვევაშიც გასაჯაროება მინიმალური მოცულობით უნდა მოხდეს, მონაცემთა სუბიექტის ღირსების შეულახავად და მკაფიოდ განსაზღვრული კანონიერი მიზნით.
„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მოუწოდებს ყველას, განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდონ მოშიმშილე თავისუფლებააღკვეთილი პირის მიმართ თითოეული გადაწყვეტილების მიღებას და ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში შეაფასონ ადამიანის უფლებათა დარღვევის რისკები.“ - წერია განცხადებაში.