logo
ENG



ინსპექტორის სამსახური საპროკურორო უფლებამოსილებასთან დაკავშირებულ კანონპროექტს აკრიტიკებს

01 დეკ 202118:03
3 წუთის საკითხავი
 

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აკრიტიკებს პარლამენტისადმი წარდგენილ საკანონმდებლო ინიციატივას, რაც საგამოძიებო და საპროკურორო უფლებამოსილების გამიჯვნას ითვალისწინებს.

საქმე ეხება საპროკურორო უფლებამოსილებასთან დაკავშირებულ კანონპროექტს, რომელიც წესით, საგამოძიებო და საპროკურორო უფლებამოსილების გამიჯვნას უნდა ითვალისწინებდეს, თუმცა ინსპექტორის სამსახურის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, ინსპექტორის სამსახური პროკურატურაზე დამოკიდებული დარჩება.

განცხადებაში ნათქვამია, რომ საგამოძიებო და საპროკურორო უფლებამოსილებათა მკაფიო და სრულყოფილი გამიჯვნა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ეფექტიანი ფუნქციონირების წინაპირობაა. მიუხედავად ამისა, წარდგენილი კანონპროექტში ეს ფუნქციები არასწორადაა გადანაწილებული და შეტანილი ცვლილებები ვერ უზრუნველყოფს სამსახურის პროკურატურისგან დამოუკიდებლობას.

გამომდინარე იქიდან, რომ სამსახურს არ ენიჭება საგამოძიებო მოქმედებების პროკურორისგან დამოუკიდებლად ჩატარების უფლებამოსილება, ინსპექტორის სამსახურის აზრით, პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები საგამოძიებო და საპროკურორო ფუნქციების გამიჯვნის რეფორმის მიზანს ვერ პასუხობს.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ამ კანონპროექტის შექმნაში მონაწილეობა არ მიუღია. მათ კანონპროექტის პაკეტი გაეგზავნათ, რომლის შეფასებებიც სამსახურმა საქართველოს მთავრობასა და შსს-ს წარუდგინა თუმცა, სამსახურის ინფორმაციით, მათი რიგი შენიშვნები პარლამენტისადმი წარდგენილ საბოლოო კანონპროექტში გათვალისწინებული არაა.

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, აღნიშნულ უწყებებს, რიგ სამართლებრივ საკითხებზე, სამსახურთან მიმართებით საგამოძიებო და საპროკურორო უფლებამოსილების გამიჯვნის განსხვავებული რეგულაციები შესთავაზა, თუმცა საქართველოს პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტით სამსახურისთვის მინიჭებული უფლებები სხვა საგამოძიებო უწყებების იდენტურია“, - წერია სამსახურის განცხადებაში.

ინსპექტორის სამსახურის ცნობით, საკანონმდებლო პაკეტში არაა გათვალისწინებული ინსპექტორის სამსახურის ბუნება, მანდატი და მისი შექმნისა და საქმიანობის ზოგადი მიზნები.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოხელეთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე გამოძიების დამოუკიდებლად და ფარულად ჩატარება, რისი სრულყოფილად განხორციელების შესაძლებლობაც ინსპექტორის სამსახურს ამ კანონპროექტით არ ეძლევა. სამსახურს არ შეეძლება ისეთი საგამოძიებო ქმედებების პროკურატურისგან დამოუკიდებლად განხორციელება, როგორიცაა მაგალითად ჩხრეკა ან ინფორმაციის გამოთხოვა. 

„აუცილებელია, რომ სამსახურს ჰქონდეს ყველა საგამოძიებო მოქმედების დამოუკიდებლად ჩატარების შესაძლებლობა. რადგან ეს არის მნიშვნელოვანი ეფექტიანი გამოძიების ჩასატარებლად. არის გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები. ისეთი მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებები, მაგალითისთვის როგორიცაა ფარული საგამოძიებო მოქმედებები და აღნიშნული კანონპროექტით არ არის გათვალისწინებული ის რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ჰქონდეს ფარული საგამოძიებო მოქმედებების დამოუკიდებლად ჩატარების შესაძლებლობა. ასევე მნიშვნელოვანია ამოქმედების ვადა, კერძოდ 2024 წლის პირველი იანვარი, რადგან ამ პერიოდამდე სამსახურს არ ექნება ისეთი უმნიშვნელოვანესი საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესაძლებლობა, როგორიც არის ამოღება, ჩხრეკა, ინფორმაციის გამოთხოვა, კერძოდ ვიდეოჩანაწერის გამოთხოვა ან სხვა კომპიუტერული მონაცემების გამოთხოვა“, - ფორმულასთან ინტერვიუში განაცხადა სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილემ, გიორგი გამეზარდაშვილმა.

არასამთავრობო სექტორის შეფასებითაც საფრთხის შემცველია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დამოკიდებულება პროკურატურაზე, განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა პროკურატურა ხელისუფლების პოლიტიკური იარაღია.

„არ აწყობს სახელმწიფოს ძლიერი დამოუკიდებელი ინსტიტუტები, რომლებიც შესაძლო დანაშაულებს, სადაც სამართალდამცავები ფიგურირებენ, გამოიძიებს სწრაფად, ეფექტიანად და ობიექტურად. მეორე მხრივ, დღეს პროკურატურა არის ასევე ხელისუფლები აბსოლუტურად ასევე პოლიტიკური ინსტრუმენტი. ვიცით როგორ ინიშნება გენერალური პროკურორი, რომელიც საკმაოდ დიდ ძალაუფლებას ფლობს და ცხადია ხელისუფლებას აწყობს, ურჩევნია, რომ პროკურატურას შეუნარჩუნდეს ეს ძალაუფლება, ეს გავლენები გამოძიებაზე და არ განაწილდეს ის სხვა ისეთ უწყებებზე, რომლებზეც ისეთი მყარი და დიდი გავლენა არ აქვს მმართველ პოლიტიკურ გუნდს, როგორიც პროკურატურაზე“, - აცხადებს სოციალური სამართლიანობის ცენტრის იურისტი გურამ იმნაძე


close დახურვა