logo
ENG



POG: დიდველაში N23 საარჩევნო უბანზე აპარატურის დაზიანებისთვის მოქალაქეს ბრალი წარედგინა

08 ნოე 202414:30
3 წუთის საკითხავი
 
2024/11/08/t96pv7p92ber8yr.jpg

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდველაში მდებარე საარჩევნო უბანზე, საარჩევნო აპარატურის დაზიანების ფაქტზე, ერთ მოქალაქეს ბრალი წარედგინა. 

საქართველოს პროკურატურის ცნობით, სოფელ დიდველაში მდებარე N23 საარჩევნო უბანზე, ბრალდებულმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის კუთვნილი, 5 280 ლარის ღირებულების ორი ვერიფიკაციის აპარატი განზრახ დააზიანა და ადგილიდან მიიმალა.

"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 26 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის არჩევნების მიმდინარეობისას, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდველაში მდებარე N23 საარჩევნო უბანზე, ბრალდებულმა განზრახ დააზიანა ცენტრალური საარჩევნო კომისიის კუთვნილი, 5 280 ლარად ღირებული, ორი ერთეული ამომრჩეველთა სავერიფიკაციო აპარატი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა", - წერია განცხადებაში.

პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებული 7 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ერთიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.


close დახურვა