logo
ENG



ინტიმური ფოტოების, ვიდეოებისა და მიმოწერების გავრცელებისა და შანტაჟისთვის 5 პირი დააკავეს

27 ოქტ 202218:44
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/27/05d3glh8hx22dtm.png

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ოქტომბრის თვეში, სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეებზე, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და პირადი ხასიათის მიმოწერის უკანონოდ მოპოვების ფაქტზე 5 პირი დააკავა.

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულები სხვადასხვა დროს მათთან ურთიერთობაში მყოფი დაზარალებული პირების შიშველი სხეულის ამსახველ ფოტოებს, ვიდეოებს, ინტიმური და პირადი ხასიათის მიმოწერებს ინახავდნენ, სოციალურ ქსელში ათავსებდნენ, მობილური ტელეფონის მეშვეობით დაზარალებულის ნათესავებსა და ახლობლებს უგზავნიდნენ, ცალკეულ შემთხვევებში კი აღნიშნულ ვიდეო და ფოტო მასალას დაზარალებულებთან ურთიერთობის გაგრძელებისათვის შანტაჟის იარაღად იყენებდნენ.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე საქართველოს პროკურატურამ დაკავებულებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით, 159-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის ბრალდება წარუდგინა.

შევახსენებთ, რომ 2022 წლის 1 მარტიდან სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობას, სამოხელეო დანაშაულის გარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე, 157 პრიმა, 158-ე და 159-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების (პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის, პერსონალური მონაცემების და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა, ასევე კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევა და პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრისა და სხვაგვარი ხერხით შეტყობინებების საიდუმლოების დარღვევა) გამოძიებაც დაექვემდებარა.


close დახურვა