logo
ENG



საგამოძიებო: პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის საქმეზე ნიგერიის მოქალაქე დააკავეს

23 თებ 202412:44
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/23/d2b6v3juenvvwet.jpg

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის საქმეზე 1995 წელს დაბადებული ნიგერიის მოქალაქე დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული დაზარალებულს სქესობრივი კავშირის დროს უნებართვოდ უღებდა, ვიდეოების გავრცელებით ემუქრებოდა, შემდეგ კი ისინი, შურისძიების მიზნით, დაზარალებულის ოჯახის წევრს გაუგზავნა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში მცხოვრები დაზარალებული გოგო გაცნობის გვერდის საშუალებით, ნიგერიის მოქალაქეს დაუახლოვდა და ინტიმური ურთიერთობა ჩამოუყალიბდა, რა დროსაც დაზარალებული თავისი შიშველი სხეულის ამსახველ ფოტო-ვიდეო მასალას ბრალდებულს ნებაყოფლობით უგზავნიდა. გარდა ამისა, დაზარალებულთან სქესობრივი კავშირის დროს, ბრალდებული, ფარულად, დაზარალებულის თანხმობის გარეშე მას მობილური ტელეფონით, ვიდეოებს უღებდა.

ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ, 2022 წლის ივნისში, ნიგერიის მოქალაქე დაზარალებულ ქალს ურთიერთობის აღდგენას სთხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ფარულად გადაღებული მათი სქესობრივი კავშირის ამსახველი კადრების გავრცელებით ემუქრებოდა. 2022 წლის სექტემბერში, ბრალდებულმა, შურისძიების მიზნით, ზემოაღნიშნული ვიდეო დაზარალებულის ოჯახის წევრს გაუგზავნა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებულის მომართვის შემდეგ, საგამოძიებო მოქმედებები მოკლე დროში ჩაატარა. გამომძიებლის მიერ გაჩხრეკილ იქნა დანაშაულში მხილებული ნიგერიის მოქალაქის თბილისში მდებარე საცხოვრებელი სახლი, ასევე ჩატარდა ბრალდებულის პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებულ იქნა დაზარალებული ქალის ინტიმური შინაარსის ფოტო-ვიდეო მასალა, რის შემდეგაც დაკავებულ იქნა ბრალდებული", - ნათქვამია განცხადებაში.

დაკავებულს პროკურატურის შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


close დახურვა