logo
ENG



ინფექციონისტი: ვიმედოვნებ, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება აუცილებელი არ გახდება

15 მარ 202023:00
3 წუთის საკითხავი
 
iczg5wzupikvoc1.png

ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა გადაცემა „გიორგი თარგამაძის პოლიტიკის ფორმულაში“ ქვეყანაში კორონავირუსის გამო შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა. მან იმედი გამოთქვა, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება აუცილებელი არ გახდება და მოქალაქეებს გარკვეული რეკომენდაციებით მიმართა.

„ჩვენ ახლა ვიმყოფებით იმ პერიოდში ეპიდემიის, როდესაც ჯერ არ გამოცხადებულა საგანგებო მდგომარეობა, მაგრამ მაინც ვიტოვებთ ბოლომდე იმედს, რომ იქნებ ეს აუცილებელი არ გახდეს, ანუ სიტუაცია,  როდესაც სრულად აიკრძალება კონტაქტები ადამიანებს შორის და მოხდება ჩაკეტვა, როგორც ეს გააკეთა ჩინეთმა უჰანის შემთხვევაში. ახლა იმ პერიოდში ვართ, როდესაც ამას ცალკეული ინდივიდები მაინც უნდა აკეთებდნენ შეძლებისდაგვარად, თუმცა სრული იზოლაცია ადამიანების შეუძლებელია. ვგულისხმობ იმას, რომ მაქსიმალურად მოერიდონ თავშეყრის ადგილებს თუ არ არის ამის აუცილებლობა და დაიცვან ის პირადი ჰიგიენის პრინციპები, რომელიც ყველასთვის ცნობილია. კარგია რომ უკვე დათბა და შენობების განიავება უფრო ადვილი გახდა, ეს იყო ზუსტად ადამიანებს რაც უქმნიდა მოლოდინს, რომ შეიძლებოდა ეპიდემიას უკან დაეხია, თუმცა მინდა ვთქვა, რომ ეს ასე სწრაფად არ მოხდება და ტემპერატურასთან დაკავშირებით ასე მყისიერად არ დასრულდება ეს ეპიდემია, მაგრამ ტემპერატურის მატების პლუსი ის არის, რომ შეგვიძლია უკვე გვქონდეს ღია ფანჯრები და ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ინფექციონისტმა.

ბუწაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ვირუსის შემთხვევები ბავშვებში მცირეა, თუმცა ამის მიუხედავად, ოჯახის ყველა წევრი, განსაკუთრებით ასაკოვანი ადამიანები, ფრთხილად უნდა იყვნენ.

„რაც შეეხება ბავშვებს, რთულია მათი ერთ სივრცეში გამოკეტვა. ზომიერად საჭიროა ჰაერზე ყოფნაც და ამავდროულად ის, რომ არ ჰქონდეთ ბევრ ხალხთან კონტაქტი.  მინდა მშობლები დავამშვიდო, რომ ამ ვირუსს ერთი თავისებურება აღმოაჩნდა, ყველაფრის მიუხედევად პოზიტივია ის, რომ ბავშვთა შემთხვევები არის ძალიან მცირე და ლეტალობა ჩათვლილია როგორც გამონაკლისი განსხვავებით ჩვეულებრივი გრიპისგან და H1N1-სგან, რომელიც 2009 წლის პანდემია იყო. მაშინ ძირითადად დაზარალდა უფრო ახალგაზრდა ნაწილი მოსახლეობის, განსაკუთრებით 0-დან 5 წლამდე ბავშვები. ახლა პირიქით არის, უფრო ხანდაზმული ასაკისკენაა მიმართული მაგრამ ამან არ უნდა გაგვათამამოს და რისკები არ უნდა გავწიოთ. ზოგადად ოჯახის ნებისმიერი წევრი უნდა იყოს ფრთხილად, განსაკუთრებით ის ასაკოვანი ადამიანები, რომლებსაც ქრონიკული დაავადება აქვთ“, - განაცხადა მაია ბუწაშვილმა

შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის 33 შემთხვევაა დაფიქსირებული. კარანტინში 637 ადამიანი იმყოფება, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ კი, 54.


close დახურვა