logo
ENG



იოსელიანი გვარამიაზე: ვინმეს პოლიტიკურ პატიმრობაზე, როგორც ომბუდსმენი, არ ვისაუბრებ

30 მარ 202322:26
3 წუთის საკითხავი
 
იოსელიანი გვარამიაზე: ვინმეს პოლიტიკურ პატიმრობაზე, როგორც ომბუდსმენი, არ ვისაუბრებ
ფოტო: ვახო ქარელი

საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა TV პირველის ეთერში კითხვას, არის თუ არა ნიკა გვარამიას პოლიტპატიმარი, არ უპასუხა.

იოსელიანის თქმით, ის გვარამიასა და სააკაშვილთან დაკავშირებით "პოლიტიკურ შეფასებებს პოლიტიკაში ყოფნისას" აკეთებდა, თუმცა როგორც ომბუდსმენს "კანონი აღარ აძლევს საშუალებას, რომ რაღაც პოლიტიკური პრეფერენციები ჰქონდეს ვინმეს მიმართ".

"მე როცა პოლიტიკაში ვიყავი, ვაკეთებდი პოლიტიკურ შეფასებებს, როგორც სახალხო დამცველი, ამ კითხვაზე პრინციპულად არ გავცემ პასუხს... 

ჩემი შეხედულებები მათთან [ნიკა გვარამია და მიხეილ სააკაშვილი] დაკავშირებით ამ ნაწილში რაც იყო როცა პოლიტიკაში ვიყავი, რჩება იგივე. ერთთან დაკავშირებითაც და მეორესთან დაკავშირებითაც მე ჩემი პოზიცია მაქვს დაფიქსირებული, მე დღეს კანონი აღარ მაძლევს საშუალებას, რომ რაღაც პოლიტიკური პრეფერენციები მოვახდინო ვინმეს მიმართ" - განაცხადა იოსელიანმა.

მისი თქმით, ნიკა გვარამიას შესახებ სახალხო დამცველის დასკვნას "საფრთხე არ ემუქრება" და ნიკა გვარამიას საქმის სტრასბურგში გაგზავნის შემთხვევაში ომბუდსმენის ეს დასკვნაც გაიგზავნება.

იოსელიანი აცხადებს, რომ ის ეთანხმება ომბუდსმენის დასკვნაში გაცხადებულ პოზიციას.

"კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სახალხო დამცველის მიერ გაკეთებული დასკვნა, რაც არის ნიკა გვარამიასთან დაკავშირებული, სადაც მათ შორის ამ საკითხზე არის საუბარი, მე საჯაროდ ვთქვი, რომ ამ დასკვნას არ ემუქრება არანაირი საფრთხე. ნიკა გვარამიას ჰქონდა კითხვა, რომ იქნება თუ არა ეს დასკვნა გაგზავნილი მის საქმესთან ერთად, როცა ის გაასაჩივრებს სტრასბურგში, რაც დავუდასტურე, რომ არ ექნება პირადად ჩემი მხრიდან არანაირი შეფერხება. ამის იქით, რომელიმე ადამიანის პოლიტიკურ პატიმრობაზე ან არაპოლიტიკურ პატიმრობაზე როგორც სახალხო დამცველი მე არ ვისაუბრებ...

ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით წინა სახალხო დამცველს აქვს თავისი დასკვნა ჩამოყალიბებული და გამოხატული. ამ ნაწილში არის მსჯელობა განვითარებული და პოზიცია არის გადმოცემული და მე ამ დასკვნას ვიღებ, ამ დასკვნას ვეთანხმები და ამ დასკვნას ნიკა გვარამიას საქმესთან ერთად დავურთავ" - განაცხადა სახალხო დამცველმა.

საქართველოს სახალხო დამცველმა მთავარი არხის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას სააპელაციო განაჩენის შეისწავლა და 7 დეკემბერს დასკვნა გამოაქვეყნა. ომბუდსმენის აპარატის შეფასებით, გვარამიას სისხლის სამართლის საქმეში პოლიტიკური მოტივაცია დასტურდება.

ომბუდსმენმა მიიჩნია, რომ სისხლის სამართლის საქმეზე ირღვევა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-18 მუხლი (ადამიანის უფლებების შეზღუდვა არაკონვენციური/პოლიტიკური მოტივით).

"აღნიშნულ შეფასებას საფუძვლად დაედო არა მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილებების და საქმის მასალების შესწავლა, არამედ, ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებები ნიკა გვარამიას მისამართით (პატიმრობამდე და პატიმრობის შემდგომ), ასევე ქვეყანაში არსებული მედია გარემოს ანალიზი)"

სახალხო დამცველის შეფასებით, ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილი სააპელაციო განაჩენი არ არის დასაბუთებული, წარმოადგენს კორპორატიული ქმედებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების შემთხვევას და საქმეში არსებული პოლიტიკური მოტივი გადაწონის მართლმსაჯულების განხორციელების ინტერესს.

 

close დახურვა