ოპოზიციის წევრები და დამოუკიდებელი დეპუტატები ირაკლი შოთაძის კანდიდატურას უნდობლობას უცხადებენ.
როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, ირაკლი შოთაძე მმართველი გუნდის ლიდერის ბიძინა ივანიშვილის პირადი ინტერესების გამტარებელია.
"ევროპული საქართველოს" წევრმა ელენე ხოშტარიამ შოთაძეს მონა უწოდა და აღნიშნა, რომ გენერალური პროკურორობის კანდიდატი პირადად ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა.
"შოთაძე არის სიმბოლო იმ მონობის, რაზეც ააწყო ბიძინა ივანიშვილმა უსამართლო სახელმწიფო. ის არის სიმბოლო პოლიტიკური დევნის შესრულების და ნებისმიერი სიბინძურის შესრულების. ცხადია, ამ ყველაფრის თავი არის ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ შოთაძის დაბრუნებით მან ხაზი გაუსვა იმას, რომ რაც მოუნდება იმას გააკეთებეს. ეს არის უტიფრობის ერთ-ერთი ფორმა. შეკითხვები არ არსებობს შოთაძესთან, იმიტომ რომ პასუხი თავად შოთაძის არსებობაა. რადგან სამოქალაქო აქტივისტები ამ შენობაში ვერ შემოვიდნენ და ვერ უთხრეს შოთაძეს ის, რასაც იმსახურებს, ამის გამო არავინ უნდა ჩათვალოს, რომ ივანიშვილს ყველაფერი გასდის. მას არაფერი გაუვა", - აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.
ხოშტარიას აზრს იზიარებს დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილიც. მისთვის გაუგებარია რის საფუძველზე წარადგინეს, შოთაძის კანდიდატურა გენერალური პროკურორობის თანამდებობაზე.
„მეორე ჯერ მისი კანდიდატურის კენჭისყრა არის კანონმდებლის სულისკვეთების უგულებელყოფა, რომელიც წერია კანონში, რომ არ შეიძლება ორჯერ ერთი და იგივე ადამიანის არჩევა. გვაქვს კითხვები კორუფციასთან მიმართებაში, მის როლთან მიმართებაში, მისი როლი როგორი არის მაგალითად კერძო ადამიანების ურთიერთობების დროს, როგორი იყო მისი როლი ადეიშვილის დროს, რა შეიცვალა როდესაც ერთი ხელისუფლებიდან გადმობარგდა მეორე ხელისუფლების დროს და იგივე ლოიალურობით მოღვაწეობს“, - ამბობს ლევან გოგიჩაიშვილი.