ისრაელში კორონავირუსის ვაქცინა მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ტემპით კეთდება. Pfizer-ის ვაქცინის 2 დოზით უკვე აცრილია 60 წელს ზემოთ ადამიანების 70%-ზე მეტი. აცრილები არიან ჯანდაცვის სფეროს მუშაკებიც.
გასულ კვირას აცრა გაიკეთეს 35 წლის ასაკის ზემოთ ადამიანებმაც, ასევე 16-დან 18 წლამდე ახალგაზრდებმა, რაც მათ იმედს აძლევს, რომ უნივერსიტეტში მისაღები გამოცდების ჩაბარებას შეძლებენ.
ისრაელში ვაქცინა დღეში 200 000 ადამიანს უკეთდება.
ჯამში, ამ ეტაპზე 9 მილიონიან ქვეყანაში ყოველი 3 ადამიანიდან 1 ვაქცინის ერთი დოზით მაინც არის აცრილი.
ტემპებმა და აცრილი ხალხის რაოდენობამ ვაქცინის ეფექტურობაზე დაკვირვებაც გახადა შესაძლებელი.
ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, გასულ კვირას ორჯერ აცრილი 715 425 ადამიანიდან 317, ანუ 0,04% დაინფიცირდა კორონავირუსით. დაინფიცირება იმ პერიოდში მოხდა, როცა ვაქცინა ადამიანებს ახალმიღებული ჰქონდათ და ორგანიზმში ანტისხეულები ჯერაც არ იყო გამომუშავებული. ამ 317 ადამიანიდან საავადმყოფოში მხოლოდ 16 მოათავსეს, ანუ - 0.002%
მსგავსი კვლევა კლინიკა Maccabi Healthcare Services-მაც გამოაქვეყნა. კლინიკამ გამოარკვია, რომ 163 000 მოქალაქიდან, რომელმაც ვაქცინის ორივე დოზა გაიკეთა, მხოლოდ 31 დაინფიცირდა.
Maccabi აცხადებს, რომ ფაიზერის ვაქცინას 92%-იანი ეფექტურობა აქვს. "ეს ძალიან ძალიან კარგი ამბავია". - აცხადებს კომპანიის ვიცე პრეზიდენტი, დოქტორ ანატ ეკკა ზოჰარი.