Al Jazeera-ს ჟურნალისტი, შირინ აბუ აკლე პალესტინაში, ქალაქ ჯენინში ისრაელის სამხედრო ოპერაციის გაშუქებისას მოკლეს.
პალესტინის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ჟურნალისტს ტყვია თავში მოხვდა.
Al Jazeera შირინ აბუ აკლეს მკვლელობაში ისრაელის შეიარაღებულ ძალებს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მათ ჟურნალისტი მიზანმიმართულად მოკლეს. მედია საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, მომხდარი დაგმოს და პასუხისმგებლობა ისრაელს დააკისროს.
შირან აბუ აკლეს პროდიუსერი, აბუ ალ სამუდი აცხადებს, რომ ჟურნალისტის მკვლელობის დროს ადგილზე არც ერთი პალესტინელი ჯარისკაცი არ ყოფილა.
"ისრაელის არმიამ გვესროლა". - ამბობს ის.
Al Jazeera-ის იერუსალიმის ბიუროს ხელმძღვანელი ამბობს, რომ აბუ აკლეს ისრაელელმა სნაიპერმა დამიზნებით ესროლა.
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, მათი ჯარები პალესტინაში "ტერორისტულ ქმედებებში ეჭვმიტანილების დაკავების ოპერაციას" ატარებდნენ და სროლა იყო როგორც პალესტინის, ისე ისრაელის ჯარების მხრიდან.
"ჯენინის ლტოლვილთა ბანაკში აქტივობების ფარგლებში, ეჭვმიტანილებმა ძლიერი ცეცხლი გაუხსნეს ჩვენს ძალებს და ისროლეს ასაფეთქებელი ნივთიერებები. ისრაელის ჯარმა ცეცხლით უპასუხა. მიმდინარეობს გამოძიება, არის შესაძლებლობა, რომ ჟურნალისტებს პალესტინელების ნასროლი ტყვიები მოხვდათ". - აცხადებს ისრაელი.