logo
ENG



იტალიის პრემიერი ულტრა-მემარჯვენე ჯორჯია მელონი გახდება

21 ოქტ 202223:47
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/21/q446g8942ju8pcm.jpg

იტალიის პრეზიდენტმა სერჯო მატარელმა ულტრა-მემარჯვენე პარტიის ლიდერს, ჯორჯია მელონის კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება დაავალა. კოალიციის სათავეში პარტია "იტალიის ძმები" იქნება, რომელმაც ერთი თვის წინ არჩევნებში გაიმარჯვა.

მელონი იტალიის ისტორიაში პირველი ქალი პრემიერმინისტრი იქნება. ოფიციალურად ახალი მთავრობის წევრები უფლებამოსილებას შაბათს შეუდგებიან. კოალიციურ მთავრობაში იქნება მატეო სალვინის ულტრა-მემარჯვენე პარტია "ლიგა" და სილვიო ბერლუსკონის "წინ იტალია".

ამავე დროს, 24 მინისტრიდან მხოლოდ 6 იქნება ქალი. მათ შორის ოჯახისა და შობადობის მინისტრი იუჯინია როკჩელა, რომელმაც აბორტს "დედობის ბნელი მხარე" უწოდა. რეგიონულ საქმეთა მინისტრი რობერტო კარდელიო გახდება, რომელიც ცნობილი იმით გახდა, რომ პირველი შავკანიანი იტალიელი მინისტრი დისკრიმინაციულად მოიხსენია.

მიუხედავად იმისა, რომ ბერსულკონი მთავრობაში არ იქნება, გაჟონილმა აუდიოჩანაწერებმა ერთგვარადა დაჩრდილა პროცესი. პირველ ჩანაწერში ბერლუსკონი ტრაბახობს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა დაბადების დღეზე არყის 20 ბოთლი აჩუქა და "ხუთ საუკეთესო მეგობარს შორის ნომერ პირველი" უწოდა. მომდევნო ჩანაწერში კი მხარი დაუჭირა რუსეთის უკრაინაში შეჭრის საბაბს.

მელონის კიდევ ერთი მოკავშირე მატეო სალვინი, დიდი ხნის განმავლობაში პუტინის ქომაგად მიიჩნეოდა.

თუმცაღა უმრავლესობის ჩამოსაყალიბებლად მელონის ორივე პარტიის მხარდაჭერა სჭირდებოდა. მომავალ მთავრობაში სალვინი ვიცე-პრემიერის თანამდებობას დაიკავებს.


close დახურვა