logo
ENG



იუკნევიჩიენე: არ უშვებენ მოხალისეებს, უარყოფენ სანქციებს, უნდათ EU-ში - მორალს მოკლებულია

03 მარ 202214:33
3 წუთის საკითხავი
 

ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენე თქმით, იმ ფონზე, როდესაც საქართველოს მთავრობა მოხალისეებს არ უშვებს უკრაინაში და არ უერთდება სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი "მორალს მოკლებულია". ამაზე ევროპარლამენტარმა ფორმულას ეთერში ისაუბრა.

"როდესაც უკრაინელები იბრძვიან და საქართველოს მთავრობა არ აძლევს საშუალებას საქართველოს მოქალაქეებს უკრაინაში წავიდნენ მოხალისეებად და როდესაც ისინი უარყოფენ სანქციებს, არ უერთდებიან სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და ამავე დროს, ისინი ცდილობენ, რომ გახდნენ ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ეს ჩემთვის მორალს არის მოკლებული", - განაცხადა მან.

როგორც იუკნევიჩიენე ამბობს, სანქციებისა და მოხალისეების შესახებ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება ნეგატიური იყო.

"გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ მათ სანქციები არ დაუწესეს რუსეთს, იყო გულის გამაცრუებელი. საქართველოს მოქალაქეებს არ მისცეს საშუალება, რომ ებრძოლათ უკრაინისთვის და თავიანთი თავისთვის, ეს იყო აღქმული ძალიან ნეგატიურად ჩვენ მიერ. ჩვენ გვესმის ის მდგომარეობა, რაც უსაფრთხოების მიმართულებითაა რეგიონში, მაგრამ ეს იყო მაინც ნეგატიური გადაწყვეტილება. ეს არის ჩემი მოსაზრება. ჩვენ მხარს დავუჭერთ საქართველოს, ქართველ ადამიანებს ყოველთვის", - თქვა მან.

[მასალა მომზადებულია სინქრონული თარგმანის მიხედვით]

ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადს საქართველო დღეს, 3 მარტს წარადგენს.

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის თქმით, ქართული ოცნების საარჩევნო პროგრამით გათვალისწინებული იყო, რომ წევრობაზე განაცხადს 2024 წელს შეიტანდნენ, თუმცა ამჟამინდელი პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით გადაწყვიტეს, წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე განაცხადი დაუყოვნებლივ გააკეთონ.

მანამდე, 28 თებერვალს საქართველოს მთავრობამ ქვეყანაში არ შემოუშვა ბორტი, რომელსაც უკრაინაში მოხალისეები უნდა წაეყვანა.

25 თებერვალს კი, პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებში მონაწილეობას არ აპირებს. 


close დახურვა