სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, იუსტიციის სახლის ფილიალები და საზოგადოებრივი ცენტრები შაბათ-კვირას აღარ იმუშავებენ.
ამასთან, 22:00 საათის შემდეგ გადაადგილების შეზღუდვიდან გამომდინარე, თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის იუსტიციის სახლები მომხმარებლებს 09:00-დან 21:00 საათამდე მოემსახურებიან.
იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში სერვისის მიღება მხოლოდ წინასწარი დაჯავშნის პრინციპითაა შესაძლებელი პორტალიდან – my.gov.ge. ელექტრონული სისტემა მომხმარებელს ხუთენოვან სერვისს სთავაზობს - დაინტერესებული პირი ვიზიტის დაჯავშნას ქართულ, აფხაზურ, ინგლისურ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე შეძლებს.
იუსტიციის სახლსა და საზოგადოებრივ ცენტრში სერვისის მისაღებად მოქალაქე:
· ვიზიტის დასაჯავშნად უნდა ეწვიოს ვებგვერდს – my.gov.ge;
· პორტალზე განთავსებულ კალენდარში უნდა ჩანიშნოს თარიღი და დრო იუსტიციის სახლის ფილიალში ვიზიტისათვის, რის შემდეგაც მის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე მიიღებს მოკლე ტექსტურ შეტყობინებას, სადაც აღნიშნული იქნება ვიზიტის თარიღი, ადგილი და დრო; ასევე, მომსახურების ერთჯერადი კოდი, რომელსაც ის წარადგენს იუსტიციის სახლში ვიზიტისას.
მნიშვნელოვანია, რომ
· წინასწარი დაჯავშნის გარეშე იუსტიციის სახლში მისული მომხმარებელი შენობაში ვერ მოხვდება;
· ფილიალში მისულ პირს აუცილებლად უნდა ეკეთოს პირბადე, ნიღბის გარეშე ის შენობაში არ დაიშვება.