logo
ENG



იძულებითი დემოკრატია - პროპორციულ არჩევნებზე შეთანხმება მიღწეულია

10 მარ 202010:00
3 წუთის საკითხავი
clock 754
p5oyf45po6gdck7.jpg

თვალებდათხრილი მოქალაქეები, პოლიტპატიმრები, უპრეცედენტო საერთაშორისო ზეწოლა და ხალხის ძალა - ეს ის ფაქტორებია, რამაც მმართველ გუნდს საარჩევნო სისტემის ცვლილება აიძულა. 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საკანონმდებლო ორგანოში მხოლოდ 30 მაჟორიტარი დეპუტატი იქნება, ხოლო დანარჩენ 120 ადგილს პროპორციული საარჩევნო სიით არჩეულები შეავსებენ. სადეპუტატო მანდატების მოსაპოვებლად პარტიებს 1%-იანი ბარიერის გადალახვა მოუწევთ, გარდა ამისა, ამოქმედდება ე.წ. ჩამკეტი მექანიზმი, რაც იმას ნიშნავს, რომ  მთავრობის დასაკომპლექტებლად პარტიამ ხმების მინიმუმ 40%-იანი ბარიერი უნდა გადალახოს. ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მემორანდუმი ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე - საქართველოში ამერიკის საელჩოში, უშუალოდ ელჩის, კელი დეგნანის ჩართულობით გაფორმდა.

შეთანხმების მიღწევას ხელისუფლება მიაწერს მთავრობის ნებას მოხდეს ქვეყანაში დაძაბული პოლიტიკური პროცესების დეესკალაცია. პარლამენტის თავმჯდომარემ მოლაპარაკებების დასრულებისთანავე განაცხადა, რომ ხელისუფლების პრიორიტეტი ქვეყნის მშვიდობიანი განვითარების უზრუნველყოფაა, ეს იმ ფონზე, როდესაც სასურველი შედეგი მხოლოდ ინტენსიური საერთაშორისო ზეწოლის შედეგად დადგა. 

მაშინ როცა „ქართული ოცნება“ არჩევნებში 40%-ზე მეტის ასაღებად ემზადება, ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ ავტორიტეტული კვლევითი ორგანიზაციის „ედისონ რისერჩის“ მიერ 9 მარტს გამოქვეყნებული პოლიტიკური კვლევის შედეგი სულ სხვა სურათს აჩვენებს.

გამოკითხვის მიხედვით, "ოცნებას" დღეის მდგომარერობით, მოსახლეობის მხოლოდ 29% უჭერს მხარს. კვლევის შესაძლო ცდომილება კი 2,2%-ია. ამრიგად, ოპოზიციური ერთობის შემთხვევაში, მმართველი გუნდი დამარცხებისთვისაა განწირული.

„ქართულ ოცნებას“ არჩევნებში დამარცხებას უწინასწარმეტყველებენ ოპოზიციაში. „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება ხმების გაყალბებას აუცილებლად შეეცდება. ახალი სისტემის სხვა პლიუსებთან ერთად კი ოპოზიციაში ახალი პარლამენტის კიდევ უფრო მრავალპარტიულობაზე საუბრობენ.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ კი ხელისუფლებას შეთანხმების არშესრულების შემთხვევაში მძიმე შედეგს უწინასწარმეტყველებენ.  ოპოზციური პარტიის ერთ-ერთ წევრს, სალომე სამადაშვილს თანამოაზრეების მსგავსად მიაჩნია, რომ არჩევნებში „ოცნებას“ მმართველი უმრავლესობის მოპოვების  არანაირი შანსი არ აქვს. 

ექსპერტების ნაწილისთვის რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებების ამ სისტემით დასრულება აშშ-ს ელჩის თანდასწრებით, არა ხელისუფლების კომპრომისი, არამედ „ქართული ოცნების“ კაპიტულაციაა. პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი „ფორმულასთან“ საუბარში აცხადებს, რომ თუ მმართველმა პარტიამ მეორედ „გადააგდო“ საერთაშორისო თანამეგობრობა და ქართველი ხალხი, ის პოლიტიკურად გაკოტრდება.

„კომპრომისი ჰქვია, როდესაც შენ იღებ გადაწყვეტილებას. ხელისუფლება საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, წინა ისტორია აჩვენებს, რომ ეს გადაწყვეტილება იყო იძულებითი. გვესმოდა წინა დღეების რიტორიკა ხელისუფლების მხრიდან. ჯერ იძახეს, რომ 100/50-ზე იყო ბოლო ზღვარი. შემდეგ იყო 110/40-ზე. შემდეგ კი მოუწიათ ესეთ უცნაურ კონსენსუსზე წასვლა. ეს შეიძლება, მათი მხრიდან შეფასდეს, როგორც კაპიტულაცია“, - აცხადებს ხუხაშვილი.

თუმცა, გამარჯვებაზე საუბარი ნაადრევად მიაჩნიათ სამოქალაქო აქტივისტებს - მათ, ვინც 20-21 ივნისის მოვლენების შემდეგ, ხელისუფლებას ყველაზე დიდი დარტყმა მიაყენეს. დიდწილად სწორედ სამოქალაქო აქტივისტების პერმანენტული აქციების, პიკეტების, სირცხვილის კორიდორებისა და ა.შ. შედეგია პირადად ბიძინა ივანიშვილის მიერ სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის დაპირება, რამაც საბოლოოდ 120/30-ზე სისტემამდე მიიყვანა საზოგადოება და პლიტიკური სპექტრი.

მოძრაობა „სირცხვილიას“ ლიდერი შოთა დიღმელაშვილი „ფორმულასთან“ საუბარში აცხადებს, რომ მიუხედავად მიღწეული შედეგისა, ჯერ გამარჯვებაზე საუბარი ზედმეტია და ახლა აუცილებელია ოპოზიციური ერთობა შენარჩუნდეს.

„30 მანდატი ჩვენ ვაჩუქეთ. იდეალური ვარიანტი იქნებოდა სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა. თუმცა, ალბათ, ოპოზიციამ თავის შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინა, რომ ამ მოდელისთვის მიეღწია - თითქმის პროპორციული არჩევნები. თუმცა, ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა დასავლეთის ჩართულობის გარეშე. ამერიკელების ღვაწლი ცალკეა გამოსაყოფი. მემორანდუმზე ხელმოწერა კი ნიშნავს, რომ ივანიშვილს ამ ჯერზე გადაგდება გაუჭირდება. თუ ოპოზიცია ერთიანი იქნება, ხელისუფლება დამარცხდება. ამ შემთხვევაში ოპოზიციამ რაღაც გეგმა უნდა ანახოს მოსახლეობას. გარდა იმისა, რომ მაჟორიტარ კანდიდატებზე უნდა შეთანხმდნენ“, - აცხადებს დიღმელაშვილი.

ხალხის „გადაგდებასა“ და საბოლოო შედეგს შორის „ქართულ ოცნებაზე“ უპრეცედენტო საერთაშორისო ზეწოლა განხორციელდა. მმართველი გუნდის წევრები და მათ შორის პირადად პრემიერი გახარია, ერთი-მეორის მიყოლებით იღებდნენ მწვავე წერილებს სენატორებისგან, კონგრესმენებისგან, ევროპარლამენტარებისგან - პირველად ჩავარდა ევროკავშირში საქართველოს შესახებ არსებული რეზოლუცია. ცოტა ხნის წინ კი სენატორი ადამ კინზინგერი მმართველ გუნდს პირდაპირ დაემუქრა, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით პროგრესი არ იქნება მიღწეული, კონგრესი ბევრისთვის მოულოდნელ ნაბიჯებს გადადგამს. აღსანიშნავია, რომ 120/30-ზე საარჩევნო სისტემას მხარს უჭერენ ე.წ. ამბოხებული მაჟორიტარები, რომლებიც თავის დროზე სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდეს.

„გაერთიანებულ ოპოზიციასა“ და მმართველ გუნდს შორის შემდგარი შეთანხმების ერთ-ერთი ნაწილი პატიმრებსაც შეეხებოდა. მართალია, მმართველი გუნდის წევრები აცხადებენ, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არ არსებობენ და მემორანდუმში ასეთი ტერმინი არ ჩაწერილა, საერთაშორისო თანამეგობრობის წევრები პირდაპირ აცხადებენ, რომ ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის დიალოგის დროს, არ შეიძლება მოლაპარაკებების მაგიდიდან პოლიტიკოსის პირდაპირ ციხეში ჩასმა.

იმ შემთხვევაში, თუ ირაკლი ოქრუაშვილი, გიგი უგულავა, ბესიკ თამლიანი და გიორგი რურუა საპატიმროს არ დატოვებენ, ოპოზიციას წინასაარჩევნოდ ხელისუფლების კრიტიკის დამატებითი არგუმენტი ექნება. სავარაუდოდ, მთვარობა მკაცრი კრიტიკის ობიექტი გახდება საერთაშორისო პარტნიორების მხრიდანაც, რომლებიც ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობაზე აქამდეც მიუთითებდნენ. მანამდე კი საზოგადოება მოლოდინის რეჟიმშია იმ იმედით, რომ ივანიშვილის ხელისუფლება კიდევ ერთხელ არ შეცვლის დანაპირებს და ამჯერად მაინც შესრულდება ხალხის ნება. 


close დახურვა