logo
ENG



კალაძე: თუ ხელშეკრულება ძალაშია და ბანერებს გადააკრეს სხვა ბანერები, რეაგირება უნდა მოჰყვეს

21 სექ 202111:38
3 წუთის საკითხავი
 
კალაძე: თუ ხელშეკრულება ძალაშია და ბანერებს გადააკრეს სხვა ბანერები, რეაგირება უნდა მოჰყვეს

თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ თუ კომპანია ალმასა და NCDC-ის შორის ხელშეკრულება ძალაში იყო და ბანერები მაინც ჩაანაცვლეს, ამას შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვეს. ამაზე კალაძემ ჟურნალისტებთან ისაუბრა და თქვა, რომ დეტალები მხარეებმა ერთმანეთში უნდა გაარკვიონ.

"არ ვიცნობ ხელშეკრულების შინაარსს, არც თარიღები ვიცი, როდემდე იყო გაფორმებული, შესაბამისად ეს ერთმანეთში უნდა გაარკვიონ და დალაგდნენ. თუ მართლაც ისეა, რომ ხელშეკრულება ძალაში იყო და ბანერებს გადააკრეს სხვა ბანერები, ეს რა თქმა უნდა, ცუდია და ამას უნდა მოჰყვეს შესაბამისი რეაგირება, თუ ასეა",- ამბობს კალაძე.

სიძულვილის ენის შემცველი ბანერები როგორც თბილისში, ისე ბათუმის, ზუგდიდის,  ქუთაისის, გორისა და თელავის ქუჩებში რამდენიმე დღეა გამოჩნდა.  

"არა ნაცებს", არა ბოროტებას, არა ღალატს", - ამ წარწერით წინასაარჩევნოდ ახალი ბანერები 17 სექტემბერს, გვიან ღამით გააკრეს. მათზე მედიისა და ოპოზიციის წარმომადგენლები არიან გამოსახული, ისევ სისხლის შხეფების ფონზე. 

წლევანდელ ბანერებს ახალი სახეები დაემატა, მათ შორის ყოფილი პრემიერი გიორგი გახარიაა. 

ბანერზე გამოსახულია ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელია, დეპუტატი გუბაზ სანიკიძე, ტვ პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე, მთავარი არხის დირექტორი ნიკა გვარამია, ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია და გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე. 

დედაქალაქში ბანერები ვაქცინაციისაკენ მოწოდების ბანერს გადააკრეს.

კომპანია ალმა აცხადებს, რომ სარეკლამო ბანერის შინაარსთან შეხება არ აქვს და მათი როლი შემოიფარგლა მხოლოდ იმით, რომ დამკვეთისგან მიიღეს სარეკლამო ბანერი და ალმას კუთვნილ სარეკლამო ბილბორდებზე განათავსეს. 

20 სექტემბერს NCDC-მ კომპანია ალმას ოფიციალური წერილით მიმართა და სისხლიანი ბანერების ისევ ვაქცინაციის მხარდამჭერი ბანერებით ჩანაცვლება მოთხოვა. 

ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ხელშეკრულებით ვაქცინციის მხარდამჭერი ბანერების განთავსების ვადა 31 დეკემბრამდე ჰქონდათ. 


close დახურვა