logo
ENG



კალაძე: ყოველკვირეულად წარვადგენთ ანგარიშს, რა გაკეთდა თბილისში 2017 წლის შემდეგ

13 მაი 202113:52
3 წუთის საკითხავი
 
კალაძე: ყოველკვირეულად წარვადგენთ ანგარიშს, რა გაკეთდა თბილისში 2017 წლის შემდეგ

კახა კალაძის განცხადებით, 18 მაისიდან თბილისის მერია მოსახლეობას წარუდგენს ანგარიშს, რა პროექტები განხორციელდა მისი მერობის პერიოდში.

კახა კალაძის თქმით, პროექტები შვიდ ძირითად მიმართულებას შეეხება. ესენია: 

  • ურბანული პოლიტიკა
  • სატრანსპორტო პოლიტიკა
  • ეკოლოგიური პოლიტიკა
  • სოციალური პოლიტიკა
  • განათლების, კულტურის, სპორტის პოლიტიკა
  • ეკონომიკური პოლიტიკა
  • მართვის პოლიტიკა

კალაძის განმარტებით, ანგარიშების წარდგენა ერთგვარი შეჯამება იქნება.

„2017 წელს ჩვენ თბილისის მოსახლეობამ ოთხი წლის ვადით აგვირჩია. ეს მანდატი წელს ოქტომბერში იწურება. ჩვენ ამ მიმართულებებით ძალიან ბევრი და მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ, მნიშვნელოვანი რეფორმები წამოვიწყეთ, რომელთაგან ზოგიერთი განხორციელების პროცესშია.

ბევრი კარგი პროექტი განხორციელდა. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მუნიციპალიტეტის თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადავუხადო იმ საქმიანობისთვის, რასაც ისინი ამ ოთხი წლის განმავლობაში აკეთებდნენ - ღირსეულად ემსახურებოდნენ, ემსახურებიან და მომავალშიც მოემსახურებიან თბილისსა და თბილისელებს.

მინდა, 18 მაისიდან დედაქალაქის მოსახლეობას წარვუდგინო ანგარიში ამ შვიდი მიმართულებით, რა გაკეთდა და რა პროექტები იქნა განხორციელებული, თითო პოლიტიკას თითო კვირას დავუთმობთ", - თქვა კალაძემ.

კახა კალაძე თბილისის მერად 2017 წელს აირჩიეს. იყრის თუ არა ის კენჭს 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, ამ ეტაპზე უცნობია.

ქართული ოცნების წევრი გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ გუნდს სურს, კანდიდატი კვლავ კალაძე იყოს, თუმცა გადაწყვეტილება თავად მოქმედმა მერმა უნდა მიიღოს. ასევე, გია ვოლსკის განცხადებით, კალაძე ერთერთია მათ შორის, ვისაც მმართველი ძალა განიხილავს მერობის კანდიდატად წარსადგენად. 

ფორმულას ინფორმაციით, ქართულ ოცნებაში არსებული შიდადაპირისპირების გამო, კახა კალაძე არ იქნება პარტიის მიერ წარდგენილი თბილისის მერობის კანდიდატი. 


close დახურვა