„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დაგეგმილ შეხვედრას ეხმაურება. თბილისის მერი შეხვედრის გამართვას მიესალმება და აღნიშნავს, რომ შექმნილი ვითარება კონსტრუქციულ რეჟიმში უნდა გადავიდეს.
„იურისტი არ ვარ, მაგრამ რასაც ვისმენდი, შეუძლებელია კონსტიტუციის შეცვლის გარეშე გერმანულ მოდელზე გადასვლა. შეიძლება რაღაც საკითხებზე შეთანხმება მოხდეს, არ ვიცი, მაგრამ ის ფაქტი, რომ შეხვედრა უნდა შედგეს, ეს არის ძალიან კარგი და მისასალმებელი. ჩვენ არ ვართ გერმანული მოდელის წინააღმდეგ, უბრალოდ კონსტიტუციის ცვლილების გარეშე ამ მოდელზე გადასვლა შეუძლებელია. ყველანაირი დესტრუქციული ქმედება პირველ რიგში აზიანებს ჩვენს ქვეყანას. გამიხარდებოდა, რომ პროცესები გადავიდეს კონსტრუქციულ რეჟიმში, პოლიტიკის კეთება უნდა გადავიდეს პარლამენტში. არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ მუშაობას. ეს არ უნდა გაჩერდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.