logo
ENG



კალაძე - 600-მდე მცირე და საშუალო მეწარმე 3 თვით იჯარის გადასახადისგან გათავისუფლდება

19 მარ 202015:43
3 წუთის საკითხავი
clock 290
2m9d4i8dwc3pw6l.png

600-მდე მცირე და საშუალო მეწარმე, რომელთაც სამეწარმეო საქმიანობისთვის მუნიციპალიტეტის კუთვნილი მიწის ნაკვეთი, ან ფართი აქვთ მერიისგან აღებული, სამი თვით, იჯარის გადასახადისგან გათავისუფლდებიან.

ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც კალაძემ განმარტა, ამ მეწარმეებს, თბილისის მერია გაათავისუფლებს მარტის, აპრილის და მაისის იჯარის გადასახადისგან. მისივე თქმით, შეღავათის ფორმალიზების მიზნით, ხელშეკრულებებში ცვლილებები ეტაპობრივად განხორციელდება. ამასთან, დამატებით ფორსმაჟორული სიტუაციის შემთხვევაში, შეღავათები მომდევნო თვეების განმავლობაშიც გავრცელდება.

„აღსანიშნავია, რომ ჩვენ მიერ შეთავაზებული შეღავათით სარგებლობის შემთხვევაში, მეიჯარე ვალდებულია, ამ შეღავათის პირობები გაავრცელოს ქვემო იჯარეებზეც, თუ მას იჯარით აღებული ქონება ქვეიჯარით აქვს გაცემული. არის შემთხვევები, როდესაც ადამიანებს აქვთ ქონება აღებული მოიჯარეებისგან და შემდეგ ის კიდევ სხვა ადამიანებზე აქირავებს. ეს გადაწყვეტილება ამ ადამიანებსაც უნდა შეეხოს. შესაბამისად, თუ კონკრეტულ მეწარმეს იჯარით აქვს აღებული ფართი და შემდეგ სხვა პირებზე აქირავებს, შეღავათი ყველა მათგანს შეეხება. აქედან გამომდინარე, შეღავათით რეალურად, 600 მოიჯარე მეწარმეზე ბევრად მეტი პირი ისარგებლებს. მოგეხსენებათ, ჩვენ უკვე გავათავისუფლეთ მთელი წლის გადასახდელი თანხისგან ღია კაფე-ბარების მეპატრონეები, რომელთაც იჯარით ჰქონდათ ტერიტორია აღებული თბილისის მუნიციპალიტეტისგან“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა მოქალაქეებს რეკომენდაციების გათვალისწინებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და სთხოვა, თუ გადაუდებელი აუცილებლობა არ იქნება, სახლებში დარჩნენ.

„კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, რომ თითოეულმა ჩვენგანმა მაქსიმალური სიზუსტით შევასრულოთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და ჩვენი ქვეყნის შესაბამისი უწყებების მიერ გაცემული რეკომენდაციები. უმნიშვნელოვანესია, რომ დავიცვათ პირადი ჰიგიენის წესები, ადამიანებთან კომუნიკაციის დროს საჭირო მანძილი, გადაუდებელი აუცილებლობის არარსებობის შემთხვევაში, არ გავიდეთ გარეთ, დავრჩეთ სახლებში, განსაკუთრებით მოვერიდოთ თავშეყრის ადგილებს“, - აღნიშნა კალაძემ.


close დახურვა