ოცნების მერის, კახა კალაძის თქმით, 1-ელი მაისიდან თბილისის მერიის დაავადებათა სკრინინგის პროგრამას ფილტვის კიბოს სკრინინგიც დაემატება, რაც სრულად დაფინანსდება.
კახა კალაძემ თქვა, რომ ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური ონკოლოგიური დაავადებების პრევენციისა და მკურნალობის მიზნით, ადმინისტრირებას უწევს „დაავადებათა სკრინინგის“, „ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის“ და „ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების“ პროგრამებს, ასევე, „სამედიცინო საჭიროებების დაფინანსების“ პროგრამის ფარგლებში, აფინანსებს ონკოპაციენტების სხვადასხვა მოთხოვნას.
დაავადებათა სკრინინგის პროგრამის ფარგლებში, ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით, სრულად ფინანსდება ძუძუს, საშვილოსნოს ყელისა და კოლორექტული კიბოს სკრინინგი და პროსტატისა და ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მართვის კომპონენტები.
„4 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. თბილისის მერია ამ ვერაგ სენთან ბრძოლაში მუდმივად მოსახლეობის გვერდით დგას და სიმსივნური დაავადებების როგორც სკრინინგულ, ისე მკურნალობისთვის აუცილებელ არაერთ პროგრამას ახორციელებს, რაც მომავალშიც გაგრძელდება. ბიუჯეტში განსაკუთრებული ადგილი უკავია ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მიმართულებას. გვაქვს ბევრი მნიშვნელოვანი პროგრამა, რომლითაც ვეხმარებით იმ ოჯახებს, ადამიანებს, რომელთაც ყველაზე მეტად სჭირდებათ ჩვენი თანადგომა. არავის დავტოვებთ პრობლემების პირისპირ. ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, ყველას დავეხმარებით, გვერდით დავუდგებით. ამ დამოკიდებულებაზე მეტყველებს თუნდაც 2026 წლის ბიუჯეტი, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი სახით არის წარმოდგენილი ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით არსებული პროგრამები“, - განაცხადა კახა კალაძემ.
