კანადის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ ისინი იწყებენ შპს Granite Capital Holdings-ის აქტივების დაკავებისა და შემდგომ კონფისკაციის პროცედურას. აქტივების ღირებულება 26 მილიონ დოლარს შეადგენს.
კომპანია ოტავას სანქციების ქვეშ მყოფ რუს ბიზნესმენს, რომან აბრამოვიჩს ეკუთვნის.
ეს ნაბიჯი აღნიშნავს მთავრობის ახალი უფლებამოსილებების პირველ გამოყენებას სანქცირებული პირების საკუთრების ჩამორთმევის მიზნით, ნათქვამია კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ახლა კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი, მელანი ჯოლი განიხილავს მიმართოს სასამართლოს აქტივების კონფისკაციისთვის და თუ სასამართლო მის მოთხოვნას დააკმაყოფილებს, შემოსავალი შეიძლება უკრაინის აღსადგენად გამოიყენონ.
ამავე დროს, ჯოლიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ "კანადა გააგრძელებს ზეწოლას რუსეთის რეჟიმზე და მათზე, ვინც ისარგებლა პუტინის ბარბაროსული შეჭრით უკრაინაში".
კანადის ფინანსთა მინისტრმა, კრისტია ფრილენდმა აღნიშნა, რომ რუსი ოლიგარქები, რომლებიც მონაწილეობდნენ უკრაინაში შეჭრაში, "ვერ იპოვიან თავიანთი უკანონოდ შეძენილი კაპიტალისთვის უსაფრთხო თავშესაფარს კანადაში."
საერთო ჯამში, რუსეთის უკრაინაში შეჭრის დღიდან, კანადის ხელისუფლებამ სანქციები დაუწესა 1500-ზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს.