logo
ENG



კანადა უკრაინისთვის NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებს შეიძენს

11 იან 202300:09
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/11/waqz5tsfspqp4mc.jpg

კანადა ამერიკის შეერთებული შტატებისგან NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებს შეიძენს და უკრაინას გადასცემს. ინფორმაციას კანადის თავდაცვის მინისტრი ანიტა ანანდი Twitter-ზე ავრცელებს.

"საჰაერო თავდაცვის სისტემები უკრაინის მთავარი პრიორიტეტია. ამიტომ, კანადა ყიდულობს მოწინავე ეროვნულ საჰაერო თავდაცვის სისტემა NASAMS-ს შეერთებული შტატებისგან, რათა გადასცეს ის უკრაინას", - წერს მინისტრი.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს იქნება პირველი საჰაერო თავდაცვის სისტემა, რომელსაც კანადა უკრაინის ჯარს გადასცემს. მისი თქმით, NASAMS-ის სისტემები, რომლებსაც მაღალი ეფექტურობის მაჩვენებელი აქვს, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს უკრაინის თავდაცვისუნარიანობაში.

"უკრაინაზე რუსეთის სასტიკი საჰაერო თავდასხმების ფონზე, ეს საჰაერო თავდაცვის სისტემა უკრაინელ ხალხს დაეხმარება დაიცვას კრიტიკული ინფრასტრუქტურა უპილოტო, სარაკეტო და თვითმფრინავების თავდასხმებისგან", - თქვა მინისტრმა.

NASAMS-ი მობილური საჰაერო თავდაცვის სისტემაა, რომელიც ნორვეგიისა და შეერთებული შტატების მიერ, ერთობლივად არის შემუშავებული. კომპლექსს შეუძლია საჰაერო სამიზნეების ჩაჭრა 40 კმ-მდე და 16 კმ სიმაღლეზე.

პირველად NASAMS-ის კომპლექსები უკრაინას ოქტომბერში გადაეცა, მას შემდეგ, რაც რუსულმა ჯარებმა უკრაინის ენერგოსისტემის განადგურება დაიწყეს. ახალი წლის ღამეს სარაკეტო შეტევების დროს NASAMS-ის კომპლექსებმა მაღალი ეფექტურობა აჩვენეს.


close დახურვა