logo
ENG



კანდელაკი: ოცნებასთან დაახლოებული პირებისთვის შესაძლებელია კარანტინის აცილების ჩაწყობა

01 სექ 202011:48
3 წუთის საკითხავი
 

ევროპული საქართველოს წევრი გიორგი კანდელაკი აცხადებს, რომ ქართულ ოცნებასთან დაახლოებული პირები სავალდებულო კარანტინის გვერდის ავლის ჩაწყობით ახერხებენ ქვეყანაში შემოსვლას.

კანდელაკის თქმით, მთავრობას ათასობით ემიგრანტის ქვეყანაში შემოშვება არ სურს, რადგან ისინი ქართულ ოცნებას არ მისცემენ ხმას. როგორც ევროპული საქართველოს წევრი აღნიშნავს,  ევროკონტროლის თანახმად, საქართველოში ევროპის 42 ქვეყანას შორის ყველაზე ნაკლები ფრენაა. 

"სახეზე გვაქვს საქართველოს მთავრობის არაფორმალური აკრძალვა საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების შესახებ - მათ შორის იმ ქვეყნებიდან, რომლებიც საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა უსაფრთხო ქვეყნებად და მათ მოქალაქეებს უშვებს კარანტინის გარეშე. მაშინ, როდესაც ჩვენი მოქალაქეები,  იმ შემთხვევაშიც, თუ ამ ქვეყნებიდან ბრუნდებიან, იძულების წესით თავსდებიან კარანტინში, რომელიც ასეთი სახით მსოფლიოში არავის გააჩნია," - ამბობს კანდელაკი.

მისივე თქმით, ამ ყველაფრის პარალელურად, არსებობს ინფორმაცია, რომ "ქართული ოცნებასთან დაახლოებული ოჯახებისთვის შესაძლებელია კარანტინის გვერდის ავლის ჩაწყობა  იმ ქვეყნებიდანაც კი, რომლებიც საქართველოს მთავრობის მიერ უსაფრთხო ქვეყნებად არ არიან აღიარებული".

პანდემიის გამო, რეგულარული ფრენები მარტის ბოლოდან შეწყდა. ამ დროისათვის საქართველოდან ფრენები გერმანიასთან, საფრანგეთთან და ლატვიასთან სრულდება. სხვა ქვეყნებთან სრულდება მხოლოდ ჩარტერული რეისები, რომლებსაც ქვეყნებიდან საქართველოს მოქალაქეები ჩამოჰყავს.

ავიაციის სააგენტოს ცნობით, ფრენები პირველ სექტემბერსაც არ აღდგება და შეზღუდვა 2020 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით იმოქმედებს.

 

 

 


close დახურვა