logo
ENG



კაპანაძე:საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება, რურუას გათავისუფლების გარეშე არ მოხდება

01 ივნ 202012:25
3 წუთის საკითხავი
clock 663

ფორმულანიუსის“ ინფორმაციით, პარლამენტში საკონსტიტუციო კომისიის პირველი სხდომა, დღეს გაიმართება. ოპოზიცია შეხვედრაზე დასწრებას არ აპირებს. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულება პრინციპულად მნიშვნელოვანია, ამიტომ სანამ „მთავარი არხის“ მეწილე გიორგი რურუა პატიმრობიდან არ გათავისუფლდება, საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში მონაწილეობას არ მიიღებენ.

„8 მარტის შეთანხმების ის ნაწილი, რომელიც ეხება პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ბოლომდე უნდა შესრულდეს, რომ მერე 120-30-ის მხარდაჭერა ჩვენი მხრიდან იყოს შესაძლებელი. ამიტომ გიორგი რურუას გათავისუფლება არის მნიშვნელოვანი წინაპირობა. ჩვენ ინტერესშია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები შევიდეს ძალაში, თუმცა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების გარეშე ეს არ მოხდება“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ.

რურუას გათავისუფლების აუცილებლობაზე ისაუბრა ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზურაბ მელიქიშვილმა.

„მანამდე, სანამ არ იქნება შესრულებული 8 მარტის შეთანხმება, ხელისუფლების ვალდებულებები, რომელიც წინ უნდა უსწრებდეს ამ განხილვების პროცესს, ბუნებრივია ჩვენ არ ვიქნებით ჩართული ამ პროცესში. ჩვენ ველოდებით გიორგი რურუას გათავისუფლებას საპყრობილიდან და ამის შემდეგ იქნება საუბარი საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში ჩართულობაზე“, - განაცხადა მელიქიშვილმა.

რაც შეეხება „ახალი საქართველოს“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პოზიციას, ის დარწმუნებულია, რომ ხელისუფლებას მოუწევს როგორც გიორგი რურუას გათავისუფლება, ისე საკონსტიტუციო ცვლილებების შეთანხმებისამებრ მიღება.

„განხილულიც არის, და გადმოხილულიც საკონსტიტუციო ცვლილებები. რურუა აუცილებლად გათავისუფლდება და საკონსტიტუციო ცვლილებებს აუცილებლად მიიღებენ. იმ ფარსში, რასაც ახლა თამაშობენ, მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებ და ყველას ვურჩევ, რომ ნუღარ დაიღლით ზედმეტად გონებას ამ ყველაფრით. ის წამალი, რომელმაც მათზე იმოქმედა ამ საკითხს მიიყვანს ბოლომდე. ყველა დეტალს ვერ ვიტყვი, მაგრამ როგორც დარწმუნებით ვამბობდი, რომ გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი გამოვიდოდნენ, ასევე ვამბობ, რომ ეს ცვლილებები აუცილებლად მოხდება“, - განაცხადა ვაშაძემ.

პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა  იწყება. ჩატარდება ორი საერთო სახალხო განხილვა. პირველი საკონსტიტუციო კომისიის სხდომა, რომელიც შეცვლილი ფორმატით ჩატარდება 4 ივნისს არის დაგეგმილი, განხილვა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში გავა. 


close დახურვა