ევროპული საქართველოს წევრი, სერგი კაპანაძე ამბობს, რომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა "ბოროტებისა და უვიცობის გამო სხედან ციხეში".
კაპანაძე, რომელიც წლების განმავლობაში თავადაც იყო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ამბობს, რომ საზღვრის მონაკვეთებზე შეთანხმება ცალკე აღებული რომელიმე რუკით არ ხდება. შესაბამისად, მისი თქმით, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მიმართ პროკურატურის ბრალდებები აბსურდილია.
"საზღვრის დადგენისას ძალიან მნიშვნელოვანია საწყისი წერტილის შეთანხმება, ანუ, ორ ქვეყანას შორის რომელი წლის შეთანხმებიდან იწყებ მოლაპარაკებებს და რას იღებ ჩარჩოდ.
ამ ე.წ. ახალი 200.000-იანი რუკის გამოყენებით, თურმე უნდა მოგვერღვია 1938 წლის შეთანხმება, როგორც საზღვრის დადგენის საწყისი წერტილი, რაზეც 1996 წელს შევთანხმდით აზერბაიჯანთან. ჰო, მართლა, აზერბაიჯანსაც უნდა ამ საწყისი წერტილის მორღვევა. თუ რატომ, თავად მიხვდებით.
აზერბაიჯანთან იყო 1920 წლის, 1938 წლის, 1945 წლის (ნახევრად) და 1991 წლის (საკოლმეურნეო რუკები) შეთანხმებები.
1920 წლის - მისი გამოყენება შეუძლებელია ამხანაგი სტალინის დამსახურების გამო, რომელმაც ჩვენი ტერიტორიები გადასცა აზერბაიჯანს. ისე კი გვაწყობს, მაგრამ არარეალისტურია. ამაზე ორივე ქვეყანა ვთანხმდებით და სადავო, სამწუხაროდ არაა. ვინც გაბრაზდებით - დიდი ქართველი ამხანაგი სტალინი გაიხსენეთ სხვადასხვა ბრუნვაში.
1927-29 წლებში არის პრეზიდიუმის ოქმები, რომლებიც ასევე არ გვაწყობს. ამის გამოყენებას ბაქო ცდილობდა და ჩვენები წარმატებით ბლოკავდნენ. თუ 1938 წელზე ძველი რუკების გამოყენებას დავიწყებთ, ესე იგი, ამ ოქმებს გავაცოცხლებთ.
1938 წლის შეთანხმება - საჩვენოდ კარგია, გარდა დავითგარეჯის მცირე მონაკვეთისა.
1945 წლის - საჩვენოდ ცუდია. ოღონდ ამ შეთანხმებაზე საბჭოთა საქართველოს ხელისუფლებას აქვს ხელი მოწერილი, ხოლო აზერბაიჯანისას - არა. ამიტომ, ამ შეთანხმებას არ ვიყენებთ. ბაქოს ამის გამოყენებაც ძალიან უნდა.
1991 - ასევე ცუდია ჩვენთვის. თან საკოლმეურნეო და ადმინისტრაციული რუკები საზღვრის დადგენისას არ გამოიყენება.
ამ ვითარებაში 1996 წელს კომისიის ოქმით შეთანხმდნენ, რომ 1938 წლის შეთანხმებას და რუკას გამოიყენებდნენ. შეთანხმდნენ ჩვენი კომისიის წევრების ბრძოლის და დამსახურების შედეგად.
ამ შეთანხმებას მიყვებოდა ივერიც და კომისიაც. ყველაფერი რაც ოქმებით შუალედურად შეთანხმებულია, ამ 1938 წლის რუკით გავლებულ საზღვარს მიყვება.
ანუ, თურმე ივერის და ნატალიას უნდა (ა) მოერღვიათ 1938-ის საწყისი წერტილი, (ბ) გამოეყენებინათ 1938-მდე გამოცემული რუკა და გაეხსნათ პანდორას ყუთი აზერბაიჯანის სასარგებლოდ და (გ) ეჭვქვეშ დაეყენებინათ აქამდე შუალედურად შეთანხმებული მონაკვეთები.
და ეს უნდა გაეკეთებინათ იმიტომ, რომ ასე ფიქრობს ტლუ ღარიბაშვილი და მასზე კიდევ უფრო ტლუ რამდენიმე ვაი-პატრიოტი, რომელიც ამ დეტალებში ვერ ერკვევა და ასჯერაც რომ მოუყვე, ან წაიკითხოს, რაც მე ახლა დავწერე, მაინც ვერ გაიგებს.
რასაც ახლა ედავება პროკურატურა, არის ენით აღუწერელი აბსურდი. ცალკე აღებული რომელიმე რუკით არ ხდება საზღვრის მონაკვეთებზე შეთანხმება, თქვე ტლუებო! ჯერ საწყის ათვლის წერტილ შეთანხმებას იღებ და იმით ადგენ ჩარჩოს და მერე იყენებ სხვა მასალებს! ესენი ამბობენ, უბრალოდ რუკა აგეღოთო.
აი, ეს საქმეა სიბნელის, არაპროფესიონალიზმის და პოლიტიკური ძალაუფლების დაკარგვის შიშის დაპირისპირება პატრიოტ, მშრომელ და ჭკვიან ადამიანებთან.
ავირჩიოთ მხარე. ამაზე ნათელი კონტრასტი ძნელად წარმოსადგენია.
დააშეარეთ! გავაგებინოთ, რაც შეიძლება მეტ ადამიანს, რომ ეს ორი პატრიოტი ბოღმა პოლიტიკოსების სიბოროტის და უვიცობის გამო სხედან ციხეში!",-წერს კაპანაძე Facebook-ზე.
საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის კომისიის ყოფილ წევრებს, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 8 ოქტომბერს შეუფარდა.
ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს, სახელმწიფო ტერიტორიის მთლიანობის დარღვევის მუხლით დააკავეს. პროკურატურა ამტკიცებს, რომ მათ საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს".
8 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
გამოძიება ამბობს, რომ ივერი მელაშვილმა და ნატალია ილიჩოვამ, დავით გარეჯთან საზღვრის დადგენის პროცესში არ გამოიყენეს სათანადო რუკები, რის გამოც კომპლექსის ნაწილი სხვა ქვეყანას [აზერბაიჯანს] მიეკუთვნა, რაც საქართველოს ინტერესებისთვის დამაზიანებელია. კარტოგრაფები კი აცხადებენ, რომ ის რუკა, რომლის გამოყენებასაც პროკურატურა ითხოვს, არაზუსტია და დაახლოებით 200-300 მეტრიან ცდომილებას იძლევა, შესაბამისად, მას მოლაპარაკების პროცესში ვერ გამოიყენებდნენ.
დაკავებულები მათთვის წარდგენილი ბრალის მიღმა პოლიტიკურ მოტივს ხედავენ. ივერი მელაშვილის ცოლმა, თამარ სულაძემ ისიც თქვა, რომ "ქართული ოცნების წარმომადგენლებმა დადგეს დიდი სპექტაკლი, რომ ეჩვენებინათ, ვითომ ნაციონალების დროს მოხდა მიწების გასხვისება, თვითონ ფრთიანი ანგელოზები არიან და ამით ცდილობდნენ, მოეპოვებინათ ხმები".
საქმის პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობს ოპოზიცია და სახელმწიფო სტრუქტურების ქმედებებს ეროვნული ინტერესებისთვის საზიანოს უწოდებს.