logo
ENG



კაპანაძე ევროპარლამენტის კრიტიკულ წერილზე: ნორმალური ხელისუფლება ამას მტკივნეულად აღიქვამდა

05 მარ 202012:39
3 წუთის საკითხავი
 

„ეს არის სერიოზული განგაშის ზარი, რომელიც ნორმალური ხელისუფლების პირობებში, იქნებოდა ძალიან მტკივნეულად აღქმული“, - ასე აფასებენ ოპოზიციაში ევროპარლამენტის მიერ საქართველოს ხელისუფლებისთვის გამოგზავნილ მორიგ კრიტიკულ წერილს.

როგორც „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ განაცხადა,  წერილი ზუსტად ასახავს ევროპელი პარტნიორების დამოკიდებულებას ქვეყანაში არსებულ მძიმე პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით.

„პოლიტიკური დევნა და პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, არის ორი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც უნდა მოგვარდეს. ამ თემაზე ხელისუფლების მხრიდან თუ არ იქნება შესაბამისი ნაბიჯები და რეაგირება, მაშინ პრობლემა ექნება ხელისუფლებას ევროპასთან. ეს არის ნათელი გზავნილი, ასეთივე გზავნილი ჰქონდა ამერიკელ პარტნიორებს, ამიტომ ივანიშვილისთვის რეალურად გზა ჩანს სწორედ ამ წერილებში, თუ რა უნდა გააკეთოს მან - მიიღოს არსებითად პროპორციული სისტემა და შეწყვიტოს პოლიტიკური დევნა. არასოდეს საქართველოს ისტორიაში ასეთი რაოდენობა ამერიკელი კონგრესმენების არ ყოფილა სანქციების მომხრე“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

წერილებს საგანგაშოდ მიიჩნევს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძეც. ის აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაზე საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლა იზრდება.

„ზეწოლა გრძელდება ივანიშვილის რეჟიმზე იზრდება და ეს ერთიანი წერილი ევროპარლამენტის მხრიდან არის ამის დასტური. ნებისმიერ შემთხვევაში ივანიშვილს უნდა ესმოდეს, რომ თუ ის არ გაითვალისწინებს პირველ რიგში საქართველოს მოქალაქეების ნებას, მაშინ მისი პოლიტიკური მომავალი ყველა შემთხვევაში დამთავრებულია, მაგრამ ასევე უნდა ველოდოთ მკაცრ რეაგირებას, როგორიც არის სანქციები“, - ხატია დეკანოიძე.

წერილთან დაკავშირებით ისაუბრა პარტია „ლელოს“ წევრმა ბადრი ჯაფარიძემ. მისი თქმით, საერთაშორისო პარტნიორები ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებენ, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ნიშნით დევნა შეწყდეს.

„როგორც ჩანს ევროპარლამენტარებმა შეამჩნიეს ჩვენს ხელისუფლებას თვისება, რომ ის მაქსიმალურად იგნორირებას ახდენს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან გამოთქმულ კრიტიკას. ამიტომ ეს კრიტიკა გაგრძელდება. გაგრძელდება მუდმივი მოწოდება იმისაკენ, რომ გადაიდგას ხელისუფლების მხრიდან ნაბიჯები ნორმალური საარჩევნო გარემოსა და ნორმალური სისტემის უზრუნველსაყოფად. მაქსიმალურად იქნება სხვადასხვა ინსტრუმენტების გამოყენება, რომ შეწყდეს პოლიტპატიმრების მძევლად აყვანა“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

მმართველ გუნდში ჯერჯერობით ამ საკითხზე საუბარი არ სურთ. წერილზე კომენტარი მხოლოდ აღმასრულებელ ხელისუფლებაში გაკეთდა. კერძოდ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ევროპარლამენტარებსა და ოპოზიციას შორის კავშირზე ისაუბრა.

„მოვისმინეთ ზოგიერთი ოპონენტი განცხადება რომ ეს არის კრიტიკული ხელისუფლების მიმართ და ასე შემდეგ. ჩნდება ეჭვი, რომ თუ მათთვის ესეთი წერილის არსებობის ან შინაარსის შესახებ არის ცნობილი, გარკვეული კავშირი ასეთი წერილი შედგენასთან დაკავშირებით იკვეთება“, - განაცხადა დავითაშვილმა.

ძალის გადამეტება მშვიდობიანი მომიტინგეების დასაშლელად, პოლიტიკური ოპონენტების დევნა და შეუსტრულებელი დაპირებები - ხელისუფლების ეს მედებები ევროპარლამენტარების მხრიდან მორიგი კრიტიკის საფუძველი გახდა. გიორგი გახარიასთვის გამოგზავნილი წერილის შინაარსი ფორმულა ნიუსისთვის გახდა ცნობილი.  


close დახურვა