logo
ENG



კარლ ჰარცელი: სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველომ პანდემიასთან გამკლავება უკეთ შეძლო

09 მაი 202015:06
3 წუთის საკითხავი
 
ouq8sezgsulsjvt.jpg

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა 9 მაისთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნა, რომ სხვა ქვეყნებთან შედარებით საქართველომ პანდემიასთან ბრძოლას თავი კარგად გაართვა.

ჰარცელმა ასევე თანადგომა გამოხატა საქართველოს იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც დღეს ჯანმრთელობისა და ეკონომიკური მიზეზების გამო რთულ მდგომარეობაში იმყოფებიან.

„სამწუხაროდ, პანდემიის გამო გასული წლებისგან განსხვავებით, წელს ევროპის დღეს ერთად ვერ აღვნიშნავთ. სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველომ ამ გამოწვევასთან გამკლავება ბევრი მიმართულებით უკეთესად შეძლო - მტკიცე პოლიტიკური ნების, მაღალი პროფესიული სამედიცინო პერსონალისა და მაღალი შეგნების მქონე მოსახლეობის წყალობით.

ამათანავე, ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს ბევრი მოქალაქე რთულ მდგომარეობაში იმყოფება, როგორც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული, ასევე ეკონომიკური მიზეზებით. თანაგრძნობა მინდა გამოვხატო მათ მიმართ, ვინც დღეს განსაცდელშია.

სწორედ კრიზის დროს გვჭირდება პარტნიორები და მეგობრები ყველაზე მეტად. ნათქვამია „კარგი მეგობარი გაჭირვებაში იცნობაო“. ამიტომ, ჩემთვის საამაყოა, რომ ევროკავშირი, მისი წევრი სახელმწიფოები და საფინანსო ინსტიტუტები – ანუ „ევროპის გუნდი“ – გააქტიურდნენ ამ გამოწვევის დასაძლევად, იმის მტკიცე დასტურად, რომ ჩვენი მეგობრობა მხოლოდ სიტყვები არ არის. ჩვენ ნამდვილი მეგობრები ვართ.

დაუღალავი მუშაობისა და მტკიცე პოლიტიკური ნების წყალობით, ჩვენ მოვახერხეთ 1.5 მილიარდი ლარის მობილიზაცია, რათა დავეხმაროთ საქართველოს კრიზისის დაძლევაში. ეს უპრეცედენტო თანხა საქართველოს დაეხმარება ჯანდაცვის სფეროში არსებული კრიზისიდან გამოსვლაში და მომავალ ეკონომიკურ და სოციალურ გამოწვევებთან ბრძოლისთვის უკეთ მომზადებაში“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.


close დახურვა